ჩინეთმა ტაივანის სანაპიროსთან საზღვაო „სპეცოპერაცია“ გამოაცხადა

ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანის კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ზღვაში „სპეციალური ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა. შაბათს, 6 ივნისს, სააგენტო „სინჰუამ“ გაავრცელა ინფორმაცია,რომ პეკინი ამ გადაწყვეტილებას „აუცილებელ ზომად“ მიიჩნევს იაპონიისა და ფილიპინების განცხადების პასუხად — მათ ამ რაიონში საზღვაო საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებების დაწყება დააანონსეს.

ჩინეთის საზღვაო „სპეცოპერაციის“ მიზანია „ზღვაზე ჩინეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იურისდიქციის განხორციელება, ღია და დაშორებულ საზღვაო რაიონებში პატრულირებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობების გაძლიერება, საკვანძო ზონებში გემების მოძრაობაზე კონტროლის გამკაცრება, ასევე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეროვნული უფლებებისა და ინტერესების დაცვა“, — განაცხადეს ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროში. უწყებამ ტაივანის სანაპიროსკენ უკვე გაგზავნა სანაპირო დაცვის დანაყოფები ფუძიანისა და გუანდუნის პროვინციებიდან.

ტაივანმა ჩინეთის ძალებზე დასაკვირვებლად სამხედრო ხომალდები გაგზავნა

ტაივანის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კუნძულთან ახლოს შენიშნეს ჩინეთის ოთხი სახელმწიფო გემი, რომლებიც სიამენის პორტიდან მივიდნენ. საპასუხოდ ტაიბეიმ ჩინური ძალების გადაადგილებაზე დასაკვირვებლად ხუთი საკუთარი ხომალდი და საპატრულო კატერები გაგზავნა.

ტაივანის სანაპირო დაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ეს ნაბიჯი 7 ივნისს ჩინეთის ქმედებებზე „სათანადო“ რეაგირებისთვის გადაიდგა. ტაიბეი ამტკიცებს, რომ ჩინეთის „სპეცოპერაცია“ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

პეკინი იაპონიისა და ფილიპინების საზღვაო საზღვარზე მოლაპარაკებებით არის აღშფოთებული

მაისში იაპონიამ და ფილიპინებმა განაცხადეს, რომ ტაივანის რაიონში ერთობლივი ეკონომიკური ზონის საზღვაო საზღვრის განსაზღვრის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. ჩინეთის ხელისუფლებამ, რომელიც ამ აკვატორიებზე სრულ კონტროლს აცხადებს, ეს ნაბიჯი ჩინეთის სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად შეაფასა და ტოკიოსა და მანილას შორის მოლაპარაკებები „უკანონოდ“ გამოაცხადა.

პეკინი დემოკრატიულ, თვითმმართველ ტაივანს თავის ამბოხებულ პროვინციად მიიჩნევს და კუნძულის სრულ დამორჩილებას ცდილობს — საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენებითაც.