რუსეთიდან წასული მოქალაქეების ქონების დაყადაღება, როგორც უზრუნველყოფის ზომა „რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის“, 1 სექტემბრიდან შესაძლებელი გახდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც იმ მოქალაქეების ქონების დაყადაღებას ითვალისწინებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, როგორც უზრუნველყოფის ზომას „რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების“ საქმეებზე. დოკუმენტი ოთხშაბათს, 10 ივნისს, სამართლებრივი აქტების ოფიციალური გამოქვეყნების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 10-ზე მეტ მუხლზე, რომელთაგან ბევრი შეიძლება პოლიტიკური მოტივებით დევნისთვის იყოს გამოყენებული. მათ შორისაა, მაგალითად, მუხლები „უცხოელი აგენტის“ საქმიანობის წესის დარღვევის“, „ექსტრემისტული მასალების წარმოებისა და გავრცელების“, „ფეიკების გავრცელებისა და მედიის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობის“, „არასასურველი ორგანიზაციების“ საქმიანობაში მონაწილეობის, რუსეთის არმიის „დისკრედიტაციის“, ასევე „სსრკ-ის ხელმძღვანელობის მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების ნაცისტური გერმანიის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებთან საჯარო გაიგივების“ შესახებ. სიაში ასევე შედის „წვრილმანი ხულიგნობა განსაკუთრებული ნიშნებით“.
დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში ქონების ღირებულება, რომელსაც ადმინისტრაციული სასჯელის აღსრულების უზრუნველსაყოფად შეიძლება ყადაღა დაედოს, ჯარიმის ოდენობით არ იზღუდება. ქონების დაყადაღება გულისხმობს მისი განკარგვის აკრძალვას.
ამასთან, აქტივების დაყადაღება ნებადართული იქნება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდეც — მომავალი ჯარიმის უზრუნველსაყოფად. მოსამართლემ შუამდგომლობა მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უნდა განიხილოს მფლობელისთვის შეტყობინების გარეშე.
კანონი ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.















