აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები შვეიცარიაში პარასკევს აღარ გაიმართება — ჯეი დი ვენსმა ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააუქმა ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც ირანის დელეგაციასთან პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გაემართა. შეხვედრა მთის კურორტ ბიურგენშტოკზე, რომელიც პარასკევს იყო დაგეგმილი, აღარ შედგება — ეს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

თეთრი სახლის განცხადებით, ვენსმა ვიზიტი გააუქმა, რადგან მომავალი ტექნიკური მოლაპარაკებების გეგმები ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.

„ამ მოლაპარაკებების ლოგისტიკა არასოდეს ყოფილა მარტივი ან პროგნოზირებადი. ამ დროისთვის ვიცე-პრეზიდენტი დღეს საღამოს [შვეიცარიაში] გამგზავრებას არ აპირებს“, — ციტირებენ თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებას ამერიკული მედიები.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის დელეგაცია მზად არის შეხვედრაზე პირველი შესაძლებლობისთანავე გაემგზავროს და იმედოვნებს, რომ ტექნიკური მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყება.

ამის შემდეგ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, Reuters-ის ცნობით, განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის 19 ივნისს დაგეგმილი მოლაპარაკებები არ გაიმართება.

თეირანს შეხვედრის გაუქმებაზე ჯერჯერობით რეაქცია არ ჰქონია.

რა მოხდა წინა დღეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ხუთშაბათის ღამეს დისტანციურად მოაწერეს ხელი 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ამის შემდეგ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შვეიცარიაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართებოდა. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეჭვი გამოთქვეს, რამდენად იყო ეს აუცილებელი, რადგან დოკუმენტი ფაქტობრივად უკვე ხელმოწერილია.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ჯერ კიდევ ვენსის ვიზიტის გაუქმების შესახებ განცხადებამდე დაწერა, რომ ირანელ მომლაპარაკებლებს სჭირდებათ დაინახონ აშშ-ის მხრიდან დროებითი შეთანხმების შესრულების ნიშნები და რომ შვეიცარიაში დელეგაციის გამგზავრება დადასტურებული არ არის.

ამასთან, ხუთშაბათს საღამოს ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ მან ფეზეშქიანს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაზე თანხმობა მისცა. თავის მხრივ, ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანის საზღვაო ბლოკადას ხსნიან და აღარ შეუშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებისკენ სპარსეთის ყურეში — როგორც ამას რამდენიმე საათით ადრე აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პარასკევის ღამეს ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე დარტყმები მიიტანა, მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმში ამ ქვეყანაშიც საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაზე იყო საუბარი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დარტყმების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმა მიაყენეს ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ და რომ დაიღუპა მათი ოთხი ჯარისკაციც.

„ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულმა ლიბანურმა მედიებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე ისრაელის ავიადარტყმების გამო შეჩერდა. ჯერ კიდევ ვენსის გადაწყვეტილების გახმაურებამდე, ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ელოდება ცეცხლის შეწყვეტას „ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, „ჰეზბოლასა“ და ისრაელში“.

ბაზრებს მოლაპარაკებების გაუქმება უარყოფითად არ მიუღიათ. Reuters-ის ცნობით, პარასკევს ნავთობის ფასები შემცირდა მიწოდების გაზრდის პერსპექტივის ფონზე, მას შემდეგ, რაც ტანკერებმა კვლავ დაიწყეს გადაადგილება ახლად გახსნილი ორმუზის სრუტით. ომამდე ამ სრუტეზე მოდიოდა ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მსოფლიო მიწოდების თითქმის მეხუთედი. თუმცა ექსპერტების შეფასებით, ბაზრის ნორმალიზებამდე ჯერ კიდევ შორია.

როდის და სად გაიმართება მემორანდუმის შემდგომი მოლაპარაკებები, ჯერჯერობით არ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რას ეხება ურთიერთგაგების მემორანდუმი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს, განაცხადა, რომ მემორანდუმი ძალაში მისი ხელმოწერისთანავე შევიდა.

„პირველი ნაბიჯის სახით, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ გახსნის ორმუზის სრუტეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ მოხსნის საზღვაო ბლოკადას“, — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

დოკუმენტი ითვალისწინებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, თეირანისთვის სანქციების მოხსნას და ირანის აღდგენის 300-მილიარდიანი ფონდის შექმნას.

მემორანდუმის თანახმად, ირანი ვალდებულებას იღებს, არ აწარმოოს და არ შეიძინოს ბირთვული იარაღი. უკვე დაგროვილი გამდიდრებული ურანის საკითხს მხარეები მოგვიანებით გადაწყვეტენ.

აშშ და ირანი ვალდებულებას იღებენ, გამართონ მოლაპარაკებები და საბოლოო შეთანხმებას არაუგვიანეს 60 დღეში მიაღწიონ. ამასთან, მხარეთა ურთიერთთანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს.

წინა დღეს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჟურნალისტებს მემორანდუმს აცნობდნენ, რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ ის აშშ-ს არაფერს ავალდებულებს და მისი პუნქტების შესრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა ირანი.

თავის მხრივ, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ტრამპმა შეთანხმებას „უიმედობის გამო“ მოაწერა ხელი და მიანიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომავალი მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება.

„თუ ამერიკული მხარე ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს წამოაყენებს, ამას არ მივიღებთ“, — განაცხადა მან თავის მიმართვაში.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებულმა ომმა ირანის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძირითადად ირანსა და ლიბანში. საპასუხოდ თეირანი ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში უტევდა.

კონფლიქტმა მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია, რადგან ირანმა ფაქტობრივად დახურა ორმუზის სრუტე, რომელზეც ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მსოფლიო მიწოდების დაახლოებით 20% მოდიოდა.

ისრაელი, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმებისგან დისტანცირდა და ლიბანში ირანთან მოკავშირე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები გააგრძელა. ეს კი აჩენს კითხვებს, რამდენად გამძლეა შეთანხმება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ამერიკასა და ირანს შორის გარიგების სახე გახდა. თუმცა, თუ შეთანხმება საბოლოოდ მაინც ჩავარდება, ის შეიძლება „განტევების ვაცადაც“ იქცეს.

ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, აშშ-სა და ირანს შორის გარიგების დაცვისას, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გვერდი აუარა კითხვას, ხომ არ აქცია პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის „განტევების ვაცად“ შეთანხმებისთვის, რომელიც ვაშინგტონში რესპუბლიკელთა შორის მთლიანობაში არაპოპულარულია.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა იხუმრა“, — თქვა ვენსმა. ის გულისხმობდა ტრამპის კომენტარს, რომ გარიგების ჩაშლის შემთხვევაში შესაძლოა ამაში ვიცე-პრეზიდენტი დაადანაშაულოს.

ბევრისთვის ვენსი ირანთან შეთანხმების მთავარ სახედ იქცა, თუმცა ზოგჯერ ის ჩრდილში რჩებოდა, ზოგჯერ კი მისი შეხედულებები ტრამპის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა. ეს მისი ვიცე-პრეზიდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა.

ვენსისთვის ეს არცთუ ხელსაყრელი დროა, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ მან მემუარები გამოაქვეყნა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ვარაუდები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

მას გაუჭირდება ამ შუალედური შეთანხმების მიზანშეწონილობაში დაარწმუნოს პარტია, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი: MAGA-ს არაინტერვენციონისტული პოლიტიკის მხარდამჭერებს შორის, რომლებიც ომს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ, და ირანის მიმართ მკაცრი ხაზის კონსერვატორ მომხრეებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თეთრი სახლი საბოლოოდ თეირანის წინაშე კაპიტულირდა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ზუსტად ითქვას, რა პოლიტიკური შედეგები ექნება ვენსისთვის ირანთან ომის დარეგულირებაში მის ჩართულობას.

თუ ქვეყნები საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეზღუდავს, ვენსი ცენტრალურ როლს შეასრულებს აშშ-ისა და მისი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების დიდი ხნის მიზნის მიღწევაში.

თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ მხარეები მომდევნო 60 დღეში შეძლებენ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ რიგ რთულ და ტექნიკურ საკითხებზე, ან რომ გრძელვადიანი შეთანხმება დააკმაყოფილებს კრიტიკოსებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ზოგიერთმა რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ ირანთან ომის საკითხებში ვენსის მუშაობა პრეზიდენტის მხრიდან უმადურ დავალებად იქცა — პრეზიდენტის, რომელიც დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ არაპოპულარულ ნაბიჯებში საკუთარ ქვეშევრდომებს ადანაშაულებს.

„ტრამპისთვის ტიპურია ჯეი დის გაწირვა“, — თქვა წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ხუმრობა, რომელსაც ბოლო თვეებში ხშირად ამბობდა — რომ თუ ირანთან გარიგება ჩავარდება, ამაში ვენსს დაადანაშაულებს.

ტრამპმა ასევე, როგორც ჩანს, ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობა შეამცირა და ერთ მომენტში ეჭვიც კი გამოთქვა, იყო თუ არა ეს დოკუმენტი საკმარისად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მას ხელი მოეწერა.

როგორც ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რადგან ამ მოლაპარაკებებს ვენსი ხელმძღვანელობს, გამარჯვებასაც და მარცხსაც მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.