რუსეთმა ქვეყანაში საწვავის კრიზისის შესამსუბუქებლად ინდოეთიდან ბენზინის შეძენა დაიწყო.ამის შესახებ Reuters-ი ოთხშაბათს, 1 ივლისს, ინდუსტრიულ წყაროზე დაყრდნობით წერს. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის მიმართულებით ზღვით უკვე გაიგზავნა მინიმუმ 60 ათასი ტონა ბენზინი.
ამ მიწოდებებით რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შეამსუბუქოს საწვავის კრიზისი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად გაჩნდა.
Reuters-ის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, 30-40 ათასი ტონის მოცულობის პარტიები რუსეთში ორი ტანკერით გაიგზავნა.
Reuters-ის მესამე წყაროს თანახმად, საერთო ჯამში რუსეთი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ბელარუსიდან, თვეში დაახლოებით 400 ათასი ტონა ბენზინის იმპორტს გეგმავს. ბელარუსი უკვე აწვდის საწვავს რუსეთის ბაზარს.
სააგენტოს გათვლებით, ივნისის პირველ ნახევარში ბელარუსმა რუსეთში სარკინიგზო გზით ბენზინის მიწოდება თითქმის სამჯერ გაზარდა და 70 ათას ტონას გადააჭარბა, მაისის პირველ ნახევართან შედარებით.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ინდური ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა მიაწვდის რუსეთს ბენზინს.
Reuters-ის ცნობით, ზაფხულში რუსეთში ბენზინის მოხმარება დღეში მინიმუმ 110 ათას ტონას შეადგენს.
РБК: რუსეთი ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბური იმპორტისთვის ემზადება
მანამდე РБК-მ, რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთი ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბური იმპორტის დაწყებას გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს.
გამოცემის ინფორმაციით, დუმა აპირებდა მხარი დაეჭირა მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისთვის. ეს ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ბიუჯეტიდან სუბსიდიების გამოყოფას იმ ნავთობკომპანიებისთვის, რომლებიც ბენზინს საზღვარგარეთ შეიძენენ.
РБК-ს ცნობით, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ წარმოებული იმპორტირებული ბენზინის სუბსიდიის მოცულობა ინდოეთის ბაზარზე ბენზინის ინდიკატიური ფასისა და ინდოეთის პორტებიდან მისი ტრანსპორტირების ხარჯების საფუძველზე დაითვლება.
სუბსიდიები იმოქმედებს ე.წ. დემპფერული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც რუსეთში 8 წლის წინ ამოქმედდა და საწვავზე საცალო ფასების შეკავებას ემსახურება.
ინდოეთი, ჩინეთთან და თურქეთთან ერთად, რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია. ამ სამ ქვეყანაზე მოდის რუსეთის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 98%.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ინდოეთი რუსული Urals-ის ტიპის ნავთობის საზღვაო გზით მიწოდების მთავარი მყიდველი გახდა. 2026 წლის ივნისში ინდოეთი დღეში 2.66 მილიონ ბარელამდე რუსულ ნავთობს იღებდა.
ბენზინის დეფიციტი რუსეთში და მისი მიზეზები
ანალიტიკური სააგენტოების მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სისტემატური დარტყმების გამო რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო ორი ათწლეულის მინიმუმამდე შემცირდა, ხოლო ბენზინის წარმოება 25%-ით დაეცა.
Reuters-ის ცნობით, რუსეთში ბენზინის დეფიციტი ამჟამად შიდა მოხმარების 20%-ს აღწევს.
რუსეთის არაერთ რეგიონში ხელისუფლებამ საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა. ანექსირებულ ყირიმში კი 21 ივნისიდან ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა შეწყდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.















