აშშ-მა ხამენეის დაკრძალვამდე მეშჰედისკენ მიმავალი ხიდები დაბომბა, თეირან-მეშჰედის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, აშშ-მა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე აღმოსავლეთ პროვინციებში, ქალაქ მეშჰედისკენ მიმავალი ორი ხიდი დაბომბა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, IRGC-მ ეს დარტყმები ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალის დაჩრდილვის მცდელობად შეაფასა.

ირანის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ინფორმაციით, დარტყმების შემდეგ თეირანსა და მეშჰედს შორის მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. კომპანიამ დაზიანება „აშშ-ისრაელის მხრიდან დანაშაულებრივ თავდასხმას” უწოდა და განაცხადა, რომ დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სარემონტო ჯგუფები გაგზავნა, ხოლო გზააცდენილი მგზავრებისთვის სახმელეთო ტრანსპორტის ორგანიზებაზეც მუშაობს.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, დღეს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში, იმამ რეზას სალოცავთან დაკრძალავენ. ცერემონია მრავალდღიანი დაკრძალვის ბოლო ეტაპია — ხამენეის ცხედარი წინა დღეებში თეირანში, ქომსა და ერაყის წმინდა ქალაქებში, ნაჯაფსა და ქარბალაში იმყოფებოდა.

IRGC-ის ცნობით, აშშ-ის ბოლო დარტყმების საპასუხოდ ირანმა ქუვეითში აშშ-ის Patriot-ის თავდაცვის სისტემას, ბაჰრეინში — სამხედრო საწვავის ავზებს, ხოლო კატარში — სატელიტურ ანტენას დაარტყა. ამერიკის სამხედრო უწყების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბოლო ღამეს ირანში დაახლოებით 90 სამხედრო ობიექტს დაარტყა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ჰოსეინ ქერმანფურის თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში აშშ-ის დარტყმების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 78 დაშავდა — ეს არის ირანის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული პირველი საერთო მონაცემი დარტყმების მსხვერპლთა შესახებ.