მასშტაბური ხანძარი ნორვეგიაში — დაიწვა 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი

ნორვეგიის სამხრეთში, ოსლოდან დასავლეთით 50 კილომეტრში მდებარე დრამენის მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ხანძართან ბრძოლა გრძელდება. მედია მას ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ხანძარს უწოდებს. ხანძარი, რომელიც წინა დღეს გაჩნდა, დასახლებულ პუნქტ კროკსტადელვაში უკვე 100-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს მოედო და ახლომდებარე ტყეზეც გავრცელდა, — იუწყება მედიაკომპანია NRK.

ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო მანქანა და ორი ვერტმფრენი; კიდევ ოთხი სახანძრო ვერტმფრენი გზაშია. ევაკუირებულია დაახლოებით 400 ადგილობრივი მცხოვრები. ათი ადამიანი კვამლით მოიწამლა, მათგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ერთმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

18 ივლისის დილით ვესტფოლდის ფიულკეს — გუბერნიის — მუნიციპალიტეტთაშორისმა სახანძრო სამსახურმა Facebook-ზე დაწერა, რომ ხანძრის კონტროლქვეშ მოქცევა მოხერხდა. თუმცა, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება: როგორც საცხოვრებელ ზონაში, ისე ტყეში, ჯერ კიდევ რჩება ხანძრის რამდენიმე კერა.

ტყის ხანძრები ევროპაში

ივლისის დასაწყისში, უკიდურესად ცხელი და მშრალი ამინდის ფონზე, ტყის ხანძრები გაჩნდა ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში. ევაკუირებული იყო ათასობით ადამიანი და განადგურდა ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი.

ესპანეთის ალმერიის პროვინციაში ტყის ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთში, პარიზის მახლობლად მდებარე ფონტენბლოს ტყეში, 1 300 ჰექტარზე მეტი დაიწვა. „განზრახ ან შემთხვევითი ცეცხლის გაჩენის“ ეჭვით ორი ადამიანი დააკავეს.