აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მანილაში, ASEAN-ის სამიტის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან აღიარა, რომ გასული წლის ზაფხულში, ანკორიჯში გამართულ ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სამიტს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის ხელი არ შეუწყვია.
ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის „ახალი იდეები“ მიმდინარე წლის შემოდგომაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვას შეუწყობს ხელს.
რუბიოს არ გაუმხელია ლავროვთან დაახლოებით 30-წუთიანი საუბრის დეტალები და შეხვედრას მხოლოდ „კარგი და გულწრფელი“ უწოდა. თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს არ დაუმალავს, რომ უკრაინაში ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებული უთანხმოებები ჯერჯერობით გადაულახავი რჩება.
ალასკაზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ მოსკოვი არაერთხელ საუბრობდა „ანკორიჯის სულისკვეთებაზე“ — ომის დასრულებასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეთანხმებებზე, რომლებსაც, რუსეთის მხარის მტკიცებით, ორი პრეზიდენტის მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთი ამას განიხილავდა, როგორც აშშ-ის თანხმობას დონბასის მთელი ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე. თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირები მიანიშნებდნენ, რომ სინამდვილეში არანაირი შეთანხმება არ არსებობდა და სამიტზე მხოლოდ კონკრეტული წინადადებები გაჟღერდა.
უკრაინა არაერთხელ აცხადებდა, რომ დონეცკის ოლქის მის მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან ჯარებს არ გაიყვანს და კონფლიქტის შეჩერებას ფრონტის ამჟამინდელი ხაზის „გაყინვით“ სთავაზობს.
ჩაკეტილი წრე — რატომ ფერხდება უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები
ხუთშაბათს ჟურნალისტებმა რუბიოს ანკორიჯის სამიტის შედეგების შესახებ ჰკითხეს, რაზეც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა:
„სამშვიდობო შეთანხმებას ვერ დადებ, თუ მას ორივე მხარე არ ეთანხმება. უკრაინელები ამას არ დაეთანხმნენ, ამიტომ ამ მცდელობებმა არ გაამართლა. საჭიროა ახალი წინადადებებისა და ახალი იდეების მოძებნა“.
რუბიომ ასევე მიანიშნა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინული არმიის უფრო წარმატებული მოქმედებების ფონზე, ანკორიჯში განხილული პირობები კიევისთვის „ალბათ კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებია“.
მისი თქმით, შეერთებული შტატები „ცდილობდა და მომავალშიც განაგრძობს კომპრომისული გადაწყვეტილების მოძებნას“, რომელიც ომის დასრულებას შესაძლებელს გახდის.















