ყულევის ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ აქვს – მათიკაშვილი

ყულევის ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ გააჩნია – ვიმედოვნებთ, ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყულევის ტერმინალს კერძო კომპანია განაგებს. ამ კუთხით გარკვეული აქტიურობა აქამდეც იყო, თუმცა საბოლოოდ, სანქცირებულთა სიიდან ყულევის ტერმინალის ამოღება მოხდა. როგორც ტერმინალის ხელმძღვანელობა აცხადებს და ეს დადასტურდა კიდეც აქამდე არსებული ყველა მონიტორინგით, ამ ტერმინალს სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ გააჩნია. ვიმედოვნებთ, რომ ტერმინალის ხელმძღვანელობასა და ევროკავშირს შორის კომუნიკაცია იქნება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომ სანქცია თავიდან იყოს არიდებული. აქამდე არსებული ინფორმაციით, ყულევის ტერმინალს უშუალოდ სანქცირებულ ნავთობთან კავშირი არ ჰქონია, რაც არაერთგზის დადასტურდა, მათ შორის შემოწმებით. ექვსი თვეა მითითებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ გარკვეული საკითხებია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. სავარაუდოდ, ექვსთვიანი ვადა იმიტომ არის გათვალისწინებული, რომ ეს სანქციები იყოს თავიდან არიდებული“, – განაცხადა მათიკაშვილმა