საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.
საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.
რადიო თავისუფლებამ აშშ-ის საელჩოს შეკითხვით მიმართა 22 ივლისს, – მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ლადო ბოჟაძისადმი შეურაცხმყოფელი ფეისბუკპოსტის გამო 15 დღით დააპატიმრეს ჟურნალისტი ვახო სანაია.
კითხვები ასე იყო ფორმულირებული:
- „შეგიძლიათ თუ არა, კომენტარი გააკეთოთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, ვახო სანაიას, ორკვირიან პატიმრობაზე – აღნიშნული საფუძვლის გამო;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“ უკვე დაამუშავა ათეულობით საქმე, სადაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და კომენტარების გამო მოქალაქეები დააჯარიმეს, და საქართველოს სასამართლოები მსგავს საქმეებს თითქმის ყოველდღიურად განიხილავენ;
- იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გააკრიტიკა თავისი ევროპელი მოკავშირეები გამოხატვის თავისუფლების აღქმული შეზღუდვების გამო, როგორ აფასებს აშშ-ის საელჩო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მოპყრობა“.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, – წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას 28 ივლისს.
„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს – იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, – მიწერეს რადიო თავისუფლებას საელჩოდან.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – განაცხადეს საელჩოში.















