28 ივლისის ღამითა და დილით მოსკოვი და მოსკოვის ოლქი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა — რუსული მხარის ცნობებით, ღამის განმავლობაში 390-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, საიდანაც 81 უშუალოდ დედაქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს.
ინფორმაციას ავრცელებს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, რომლის თქმითაც, საღამოდან დილის 06:30 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით გაშვებული დრონების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა “შორეულ მისადგომებზე” გაანადგურა. თავდაპირველად სობიანინმა 12, შემდეგ დამატებით 21, ხოლო მოგვიანებით კიდევ 40 დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
შეტევის ფონზე რუსეთის ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაციამ) დროებით შეაჩერა მოსკოვის სამი აეროპორტის — ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის — მუშაობა. დილის 06:10 საათისთვის შეზღუდვები ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში მოიხსნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ქვეყნის რეგიონების, ანექსირებული ყირიმისა და აზოვის ზღვის თავზე ჯამში 356 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყებას არ დაუზუსტებია, რამდენი დრონი მონაწილეობდა მთლიან შეტევაში.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ქალაქ ჩეხოვში ერთ-ერთი დრონი ზემსკაიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი ბინა დაზიანდა. ქალაქის ხელმძღვანელის მიხაილ სობაკინის თქმით, დაშავებულები არ დაფიქსირებულა.
ვორობიოვის ცნობით, კიდევ ერთი დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ჩეხოვის რეგენერატორულ ქარხანაში, რომელიც სპეციალიზებულია გაცვეთილი საბურავების გადამუშავებასა და რეზინის პროდუქციის წარმოებაზე.
OSINT-პროექტ ASTRA-ს მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალის ანალიზის მიხედვით, ხანძარი ასევე გაჩნდა მოსკოვის ოლქის სოფელ კოლედინოში მდებარე ლოგისტიკური კომპანია 3PL-ის საწყობში. კომპანიის მეზობლად მდებარეობს Wildberries-ის სასაწყობო კომპლექსი, სადაც განაცხადეს, რომ ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ASTRA-ს ცნობით, ჩეხოვის რეგენერატორული ქარხნის ტერიტორიიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს “ჰიდროსტალკონსტრუქციის” ქარხანა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებსა და მეტალკონსტრუქციებს აწარმოებს ენერგეტიკისა და წყალსამეურნეო ობიექტებისთვის.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომლებზეც ასახულია დრონების ფრენა და ხანძრები.















