აშშ-ის ორივე პარტიის სენატორებმა განაცხადეს, რომ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთური სანქციების“ კანონპროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს, — წერს Bloomberg.
პროცედურული კენჭისყრა უკვე დღეს საღამოს არის დაგეგმილი.
კანონპროექტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა მისცეს შესაძლებლობა, დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს რუსული ენერგორესურსების უმსხვილეს შემსყიდველებს, ასევე ირანს.
კანონპროექტის ტექსტის თანახმად, დოკუმენტი ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და ცალკე გამოყოფს რუსეთის გაზისა და ნავთობის ექსპორტს. პრეზიდენტს მიეცემა უფლება, ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილეს შემსყიდველებს, ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც მოსკოვს ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
როგორც Bloomberg წერს, კანონპროექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აშშ-ის ისედაც არასტაბილურ სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთთან და ინდოეთთან, რომლებიც რუსული ენერგორესურსების უმსხვილესი შემსყიდველები არიან.
ასეა თუ ისე, კანონპროექტს ამ კვირაში სენატის მხარდაჭერის მიღების დიდი შანსი აქვს. წარმომადგენელთა პალატა აგვისტოს არდადეგებზე გავიდა, ამიტომ დოკუმენტი ძალაში სექტემბრამდე ვერ შევა.















