The New York Times-ი ირანულ და დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი უკრაინის ერთ-ერთი საზღვაო პორტისთვის სარაკეტო დარტყმის მიყენებას განიხილავდა, თუმცა დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად ამ ეტაპზე ამ გეგმაზე უარი თქვა.
გამოცემის ინფორმაციით, ირანს სიმბოლური, თუმცა შედარებით მცირე ზიანის მომტანი, მცირე საბრძოლო მუხტის მქონე ბალისტიკური რაკეტის გასროლა ჰქონდა განზრახული. სხვა წყაროების თქმით, სავარაუდო სამიზნე უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან ერთ-ერთი იყო. სტატიაში ციტირებული ყველა პირი ანონიმურობის პირობით საუბრობს.
დაძაბულობა 25 ივლისს დაიწყო, როცა უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანულ სატვირთო გემს დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მეზღვაური დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს იმ გემებს, რომლებიც ირანიდან სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ.
27 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ თავდასხმა გაეროს წესდების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ევროპის ირან-აშშ-ის ომში ჩართვის მცდელობას წარმოადგენს. სოციალურ ქსელში მან აღნიშნა, რომ თავდასხმა “პასუხგაუცემელი ვერ დარჩება.”
NYT წერს, რომ კასპიის ზღვის მარშრუტი ირანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან სპარსეთის ყურეში ირანული პორტების აშშ-ის ბლოკადის პირობებში ის რუსეთთან სავაჭრო-ლოგისტიკურ არხად იქცა.
28 ივლისს, მას შემდეგ რაც უკრაინის დიპლომატებმა დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგეს, არაყჩი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი სიბიჰას. საუბრის შემდეგ არაყჩიმ განაცხადა, რომ სიბიჰამ სატვირთო გემზე თავდასხმა შემთხვევითობად შეაფასა. არაყჩის თქმით, “ირანი ესკალაციას არ ესწრაფვის, თუმცა ცხადყო, რომ მისი მოქალაქეების ან ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია” და დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურება საჭიროა. არაყჩის ცნობით, მან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთანაც ისაუბრა რეგიონში დაძაბულობის შემცირების გზებზე.
გამოცემა იმოწმებს ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ, თეირანში მოღვაწე ანალიტიკოსს მეჰდი რაჰმათის, რომლის თქმითაც ირანის ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა საპასუხო დარტყმას მხარს უჭერდა, ნაწილი კი თავშეკავებისკენ მოუწოდებდა. მისი შეფასებით, უკრაინა არ არის მცირე ან უმნიშვნელო ქვეყანა და ომის ველზე მას გამოცდილება და აშშ-ისა თუ ევროპის ლოგისტიკური მხარდაჭერა გააჩნია, ამიტომ ახალი ფრონტის გახსნით სარგებელი არ იქნება.
NYT აღნიშნავს, რომ დაძაბულობის შემდგომი განვითარება ჯერჯერობით გაურკვეველია. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დროისთვის ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა დონალდ ტრამპს და დაესწრო სენატორ ლინდსი გრემის ხსოვნის საზეიმო ცერემონიალს. ზელენსკიმ ვიზიტისას აშშ-ს რუსეთის მიერ ირანისთვის აღმოჩენილ დახმარებაზე დაზვერვის მონაცემების გადაცემა დაჰპირდა — უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების სატელიტური სურათები გადასცა.















