აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

სენატში გაიმართა პირველი პროცედურული კენჭისყრა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე, რომელზეც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ახლახან გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი. მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია წინა დღეს გაიმართა.

დოკუმენტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პროცედურულმა კენჭისყრამ კანონპროექტის განხილვისა და მასში შესატანი ცვლილებების შესახებ დებატებს გზა გაუხსნა. დებატების დასრულების შემდეგ საბოლოო კენჭისყრა გაიმართება. ამის შემდეგ დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს, საბოლოოდ კი მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

კანონპროექტი სანქციებს ითვალისწინებს რუსი ოფიციალური პირების, ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების, ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების, ასევე იმ უცხოელი მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უჭერენ მხარს. სანქციები ასევე შეეხება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს.

გარდა ამისა, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, 100 პროცენტამდე საიმპორტო ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც დიდი მოცულობით რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ ან სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

კენჭისყრას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და სამშაბათ საღამოს სენატორებს შეხვდა.

„სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, სენატორ ლინდსი გრემთან გამომშვიდობების დღეს, სენატში გაიმართა პროცედურული კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე, რომელზეც ის ამდენს მუშაობდა. ჩემთვის პატივი იყო ხმების დათვლას დავსწრებოდი — დოკუმენტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა. ეს ლინდსის გეგმების განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და, უდავოდ, ნაბიჯი მშვიდობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტრუმენტმა იმუშაოს“, — დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.