პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) კიდევ ერთხელ ითხოვს ქართველი მედიადამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაგლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლისთავზე მედიის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„ამაღლობელს — საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს — 2025 წლის 6 აგვისტოს, უსამართლო წინასწარ პატიმრობაში გატარებული 200-ზე მეტი დღისა და პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ჟურნალისტი, რომელსაც 2025 წელს IPI-ს „პრესის თავისუფლების მსოფლიო გმირის“ ჯილდო მიენიჭა, პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 34-წლიან ისტორიაში დააპატიმრეს. იგი უკვე 19 თვეა, პატიმრობაში იმყოფება, რა დროის განმავლობაშიც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა გაუარესდა.
2025 წლის 12 იანვარს, ჟურნალისტი დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით, რაც „სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას“ გულისხმობს — მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოს ქალაქ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე მან პოლიციის უფროსს სილა გააწნა.
წარდგენილი ბრალდების აშკარად არაპროპორციულმა ხასიათმა — რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა — ნათელი გახადა, რომ ვეტერანი ჟურნალისტი მიზანში ამოიღეს და დასაჯეს კორუფციაზე, პოლიტიკურ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე მისი მრავალწლიანი მუშაობისა და დამოუკიდებელი რეპორტაჟების გამო“, – ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.
ამალობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლისთავს ეხმაურება ორგანიზაცია Prague Civil Society Centre-ც. პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელის „რეალური „დანაშაული“ პრესის თავისუფლებისა და თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლა იყო.“
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებოდნენ. ის პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გაასამართლეს. საპატიმროში ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – მას მხედველობა დაუქვეითდა. ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწებულია სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.



