ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპიტებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონში საწვავი ენგურის ხიდის გავლით შეიტანეს, “მოძრაობა აფხაზეთისთვის” დამფუძნებელმა ნუკრი ნოდიამ გაავრცელა.
კობახიძემ თქვა, რომ საწვავი შევიდა, თუმცა შეიტანა არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა და ასეთი ქმედება სრულად ჯდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში.
„რაც შეეხება საწვავის შეტანას, ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც იმის საშუალება, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ქართულ თუ აფხაზურ მოსახლეობას, შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მომავალშიც გავაკეთებთ. ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის „ოკუპაციის შესახებ“ კანონიც. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონის ჩარჩოებში“, — განაცხადა კობახიძემ.
ბოლო კვირების განმავლობაში სოხუმში, გაგრასა და სხვა ქალაქებში ავტოგასამართი სადგურების უმეტესობა დაიხურა, ხოლო მოქმედ ობიექტებზე ერთ მანქანაზე 20-ლიტრიანი ლიმიტი დაწესდა. კოლაფსი გამოიწვია რუსეთში შექმნილმა შიდა ლოგისტიკურმა პრობლემებმა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულმა უკრაინული დრონების შეტევებმა, რის გამოც მოსკოვმა სოხუმისთვის საწვავის სტაბილური მიწოდება ვეღარ უზრუნველყო. სწორედ ამ ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, აფხაზურმა ბაზარმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო.



