აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივლისის დასაწყისში, ანკარაში NATO-ს სამიტის დატოვებისას, გაფრენამდე ფარულად შეიცვალა თვითმფრინავი და ორ საჰაერო ხომალდს შორის შეუმჩნევლად გადასაადგილებლად ბორტის კვების მიმწოდებელი ფურგონი გამოიყენა, — ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება ირანის მხრიდან „რეალური საფრთხეების“ გამო მიიღეს. მოგვიანებით ტრამპმა ეს ინფორმაცია თავადაც დაადასტურა.
ტელეკამერებმა 8 ივლისს, NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, ანკარის აეროპორტში გადაიღეს, როგორ ავიდა დონალდ ტრამპი Air Force One-ის — აშშ-ის პრეზიდენტის „ბორტი ნომერი ერთის“ — ბორტზე. თუმცა Washington Post-ის წყაროების ინფორმაციით, იმ დღეს პრეზიდენტი Air Force One-ზე მხოლოდ მცირე ხნით დარჩა.
გაფრენამდე ის ფარულად გადავიდა სამხედრო თვითმფრინავ C-32A-ზე — „ბორტი ნომერი ორზე“. ეს არის მოდიფიცირებული Boeing 757, რომლითაც ჩვეულებრივ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მგზავრობს.
Washington Post-ის თანახმად, პრეზიდენტის გადაადგილება შეუმჩნეველი იმიტომ დარჩა, რომ ტრამპმა Air Force One-ის დასატოვებლად და C-32A-ზე გადასასვლელად გამოიყენა ასაწევი პლატფორმით აღჭურვილი ქეითერინგის ფურგონი, რომლითაც თვითმფრინავებში საკვები მიაქვთ.
გაზეთის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი C-32A-ზე ჩვეულებრივ, ტრაპით ავიდა, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ეს სხვა ჩვეულებრივი რეისებისგან არაფრით განსხვავდებოდა.
BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS News-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის სხვა თვითმფრინავზე ფარული გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-მა თეირანის მხრიდან რეალური საფრთხე დააფიქსირა. წყაროების თანახმად, საუბარი იყო ტრამპზე შესაძლო თავდასხმის ან მკვლელობის მცდელობაზე.
თუმცა თეთრ სახლს საიდუმლო რეისის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. CBS News-ის ცნობით, მანამდე აშშ-ის დაზვერვაც აფრთხილებდა ტრამპზე ან მის თვითმფრინავზე შესაძლო თავდასხმის საფრთხის შესახებ.
ცოტა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა თავად დაადასტურა, რომ თურქეთში NATO-ს სამიტიდან წამოსვლისას შესაძლო საფრთხის გამო თვითმფრინავი ფარულად შეცვალა.
„მე ვემორჩილები საიდუმლო სამსახურსა და სამხედროებს. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით მეფრინა“, — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„მე უბრალოდ ის უნდა გავაკეთო, რასაც მეუბნებიან“, — დასძინა მან.
ანკარაში გამართული სამიტის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის „სამიზნე ნომერი ერთია“.
ჟურნალისტებმა და თეთრი სახლის ზოგიერთმა თანამშრომელმაც კი, რომლებიც იმ დღეს Air Force One-ის ბორტზე იმყოფებოდნენ, არ იცოდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავში გადავიდა. გაფრენამდე მათ ილუმინატორებზე ფარდების ჩამოწევა სთხოვეს.
ტრამპი ანკარიდან საიდუმლო რეისით გაემგზავრა ერთი დღის შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ აშშ-მა ირანზე დარტყმები განაახლა.
აშშ-ისკენ მიმავალ გზაზე ამერიკული დელეგაციის თვითმფრინავები დიდ ბრიტანეთში დაეშვნენ. მას შემდეგ, რაც Air Force One ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების მილდენჰოლის ბაზაზე დაეშვა, ტრამპი პრეზიდენტის თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას შენიშნეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადავიდა ის C-32A-დან კვლავ Air Force One-ში. გამოცემების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო ბაზა უკვე Air Force One-ით დატოვა.
დიდი ბრიტანეთიდან ვაშინგტონში ფრენისას ტრამპი Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს ესაუბრა. საუბრის დროს მან ირანის მხრიდან საფრთხეები ახსენა, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ თურქეთიდან ბრიტანეთამდე ფრენისას თვითმფრინავი შეცვალა.
კითხვაზე, რატომ უბრძანეს Air Force One-ის მგზავრებს თურქეთიდან გაფრენისას ილუმინატორებზე ფარდების ჩამოწევა, ტრამპმა უპასუხა:
„იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, სახიფათო რეისით მიფრინავთ იმ ნაძირლების გამო, რომლებთანაც საქმე გვაქვს“.
მან ასევე განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს მუდმივად ემუქრება საფრთხე და ირანის „სიაში“ ის „ნომერი პირველია“.
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩენგმა პირდაპირ არც დაადასტურა და არც უარყო ინფორმაცია თვითმფრინავის შეცვლის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ახალი Air Force One, რომელიც აშშ-ს ყატარმა აჩუქა, თანამედროვე თვითმფრინავია და აღჭურვილია ყველაფრით, რაც პრეზიდენტისა და მისი პერსონალის უსაფრთხოებისა და დაცვისთვის არის საჭირო.
აშშ-მ რამდენიმე თვე დახარჯა Boeing 747-8-ის მოდერნიზებაზე, რათა ის პრეზიდენტისთვის მოემზადებინა. CBS News-ის ცნობით, Air Force One-ის უფრო ძველი თვითმფრინავები აღჭურვილი იყო სპეციალური ლაზერული ტექნოლოგიით, რომელიც მათ სარაკეტო დარტყმისგან იცავდა. უცნობია, რა ტიპის თავდაცვითი სისტემები აქვს ყატარის მიერ ნაჩუქარ თვითმფრინავს.
„ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავი Air Force One პრეზიდენტის ფრენებისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა შემოდგომაზე მას დამატებითი მოდერნიზაცია და გაუმჯობესება ჩაუტარდება, რაც დაახლოებით ერთ თვეს გასტანს“, — განუცხადა CBS News-ს თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა.
მანამდე New York Times წერდა, რომ ამერიკულ დაზვერვას ყატარის მიერ ნაჩუქარი თვითმფრინავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა ტრამპს NATO-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ დროებით სხვა თვითმფრინავის გამოყენება სთხოვა.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ New York Times-ის რამდენიმე ჟურნალისტი ჩვენების მისაცემად დაიბარეს. მოგვიანებით აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ BBC-ს განუცხადა, რომ ინფორმაციის უკანონო გაჟონვის ფაქტს იძიებს.



