რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, სასამართლოს კრემლის მომხრე პარტია „როდინამ“ მიმართა. პარტია “იაბლოკოს“ საზღვარგარეთ მყოფმა რუსულმა ოპოზიციამ დაუჭირა მხარი. 

სასამართლომ „როდინას“ სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა არჩევნებზე პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატების ფედერალური სიის რეგისტრაცია გააუქმა. გადაწყვეტილება გასაჩივრდება, — იუწყება „იაბლოკოს“ პრესსამსახური. პარტიას გასაჩივრებისთვის ხუთი დღე აქვს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა უზენაესი სასამართლოს სხდომაზე რეგისტრაციის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

„არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი“, განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, პარტიამ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია.

„როდინას“ სარჩელს მხარი დაუჭირეს ასევე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და „როსფინმონიტორინგმა“. ცესკოს წარმომადგენლის განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ არგუმენტები საფუძვლიანია.

„როსფინმონიტორინგი“ ამტკიცებს, რომ „იაბლოკოს“ ფედერალურ სიაში მყოფ პირებსა და პარტიის კონტრაგენტებს შორის არიან ადამიანები, რომელთა ანგარიშებზეც უცხოური წყაროებიდან თანხები ირიცხებოდა.

„იაბლოკოს“ იურისტმა გაჯი ალიევმა განაცხადა, რომ პარტიას უცხოური წყაროებიდან ფული არ მიუღია. მისი განმარტებით, პარტიას დაახლოებით 17 ათასი რუბლი შესწირეს მოქალაქეებმა, რომლებსაც მანამდე პირადი თანხები უცხოეთიდან ჰქონდათ მიღებული.

მოსარჩელე მხარის ვერსიით, „იაბლოკომ“ — საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 11 პარტიიდან ერთადერთმა, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის — წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დაარღვია საავტორო უფლებების, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები.

პარტიის თავმჯდომარემ ნიკოლაი რიბაკოვმა სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტია „როდინა“ ცდილობს „იაბლოკოს“ ბრალად წაუყენოს თავად ის ფაქტი, რომ მისი პროგრამა ოპონენტების პროგრამებისგან განსხვავდება, პარტია მათ პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებს და მშვიდობიანი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

„იაბლოკოს“ ლიდერი ნიკოლაი რიბაკოვი

„მოსარჩელე აბსურდულ მტკიცებამდეც კი მივიდა, თითქოს ლოზუნგი — „მშვიდობისა და ცვლილებებისთვის“ — იმ ადამიანების ღირსებას ამცირებს, რომლებიც სხვა პარტიებს აძლევენ ხმას, – განაცხადა რიბაკოვმა. – მოსარჩელე გვთავაზობს, „იაბლოკო“ არჩევნებიდან მოიხსნას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რუსეთში იდეოლოგიური და პოლიტიკური მრავალფეროვნება შეუძლებელი გახდება. ფაქტობრივად, მოსარჩელე უზენაესი სასამართლოსგან რუსეთის კონსტიტუციის უარყოფას მოითხოვს“.

მისი თქმით, „იაბლოკოს“ სია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა დოკუმენტის შემოწმების შემდეგ დაარეგისტრირა, ხოლო პარტიის ანგარიშგებას რეგულარულად ამოწმებს იუსტიციის სამინისტრო. პოლიტიკოსის შეფასებით, მტკიცებულებების ნაცვლად პარტია „როდინამ“ სასამართლოს „პირადი გამონაგონი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები“ წარუდგინა.

„იაბლოკოს“ იურისტმა და პარტიის ფედერალური სიის კანდიდატმა ვიტალი ისაკოვმა, თავის მხრივ, უპასუხა საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. მისი განცხადებით, მოსარჩელეს სარჩელში არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ აქვს მითითებული, ხოლო მასალები, რომლებზეც ის მიუთითებს, წინასაარჩევნო აგიტაციას არ წარმოადგენს, რადგან ისინი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე — 2012, 2017, 2018 და 2023 წლებში იყო გამოქვეყნებული.

დასასრულს ისაკოვმა აღნიშნა, რომ თუ საავტორო უფლებები ისე განიმარტება, როგორც ამას „როდინა“ თავის სარჩელში აკეთებს, ციტირებისთვის ერთადერთ უსაფრთხო წყაროდ მხოლოდ კანონები და კანონქვემდებარე აქტები დარჩება.

დილიდან უზენაესი სასამართლოს შენობასთან იმ ადამიანების რიგი იდგა, რომლებიც „იაბლოკოს“ მხარდასაჭერად მივიდნენ. პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე დაახლოებით 500 ადამიანი მივიდა, ძირითადად ახალგაზრდები. მათ მთელი დღე სასამართლოს შენობასთან გაატარეს, სხდომათა დარბაზში კი მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო მოხვედრა.

 

რას ედავებიან „იაბლოკოს“?

პარტია „როდინას“ სარჩელი სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ ნაწილში მოსარჩელეები მიუთითებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევაზე სააგიტაციო ბეჭდურ მასალებში, რომლებშიც „იაბლოკოს“ ვებგვერდის ბმულია მითითებული.

კერძოდ, პრეტენზიები ეხება სიმღერების — „Пусть всегда будет солнце“ („დაე, მუდამ იყოს მზე“) და „Лишь бы не было войны“ („ოღონდ ომი არ იყოს“) — გამოყენებას უფლებების მფლობელთა თანხმობის გარეშე, ასევე არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო პარტიების ემბლემების გამოყენებას.

„როდინას“ აზრით, დარღვევების ცალკე ჯგუფი ვიზუალურ კონტენტსა და ფოტოებს უკავშირდება. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევს საკუთარი ფოტოს გადამუშავებისთვის ნებართვა უნდა გაეცა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას ფოტო ავტორის მითითების გარეშე გამოქვეყნდა. სარჩელში ასევე ნახსენებია ბლოგერ ვიქტორია ბონიას ფოტო და კადრი სერგეი ბონდარჩუკის 1967 წლის ფილმიდან „ომი და მშვიდობა“.

იაბლოკოს“ შეფასებით, სასამართლო სხდომაზე დაახლოებით 500 ადამიანი მივიდა, ძირითადად — ახალგაზრდები

პრეტენზიები თვით „იაბლოკოს“ სიმბოლოსაც შეეხო: „როდინა“ ამტკიცებს, რომ მტრედის გამოსახულება ონლაინ-ბიბლიოთეკა Flaticon-იდან გამოყენების პირობების დარღვევით არის აღებული და სარჩელში დეტალურად აანალიზებს სააგიტაციო მასალებში გამოყენებულ ამ ფრინველის სხვა გამოსახულებებსაც.

ბრალდებების მეორე ნაწილი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და „იაბლოკოსთან“ დაკავშირებულ „საინფორმაციო აქტივობის მნიშვნელოვან ზრდას“ ეხება, მათ შორის იმ პლატფორმებზე, რომლებიც რუსეთში „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული.

სარჩელში ნათქვამია, რომ ეს პუბლიკაციები ანაზღაურებული იყო, თუმცა ამის კონკრეტული მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ბლოგერებისა და სააგენტოების ასოციაციის „ანალიტიკურ ცნობაზე“ დაყრდნობით, მოსარჩელეები აცხადებენ, რომ უცხოურ სოციალურ ქსელებში „იაბლოკოს“ მხარდამჭერი კონტენტის პოპულარიზაციაზე 88 მილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯა.

სარჩელის მესამე ნაწილი ეხება ბრალდებებს არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის“ მხარდაჭერაში, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულად არის გამოცხადებული, ასევე „ექსტრემისტული საქმიანობის“ სხვა ნიშნების აღწერას, რომლებსაც „როდინა“ „იაბლოკოს“ პოზიციებში ხედავს.

კერძოდ, „როდინას“ წარმომადგენელმა სასამართლოში განაცხადა, რომ „იაბლოკოს“ მოწოდება — რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყდეს და სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს — რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებას წარმოადგენს.

ერთადერთი ანტისაომარი პარტია

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის 11 პარტიის კანდიდატთა სიები დაარეგისტრირა. „იაბლოკოს“ ფედერალური სია 29 ივლისს დარეგისტრირდა — მასში 269 კანდიდატი შევიდა, თუმცა პარტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები მათ შორის არ არიან.

„იაბლოკოს“ ათობით წევრს — მათ შორის პარტიის ლიდერ ნიკოლაი რიბაკოვს — არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა „ექსტრემისტული სიმბოლიკის გავრცელებასთან“ დაკავშირებული საქმეების ან „უცხოელი აგენტის“ სტატუსის გამო. პარტიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ლევ შლოსბერგი, რომელიც „უცხოელი აგენტების“ რეესტრშია შეყვანილი, გასული წლის დეკემბრიდან წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება „სამხედრო ფეიკების“ საქმეზე. კიდევ ერთ მოადგილეს, მაქსიმ კრუგლოვს, გასულ თვეში იმავე ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე, რომლებიც 18-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება, რუსეთის უძველესი ლიბერალური პარტია ანტისაომარი პროგრამით მიდიოდა. პროგრამა სულ 43 სიტყვისგან შედგება და მასში, მათ შორის, წერია: „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, დიპლომატიისა და მშვიდობის მიღწევისთვის“.

„იაბლოკოსთვის“ ხმის მიცემისკენ ამომრჩევლებს საზღვარგარეთ მყოფი რუსული ოპოზიციის წარმომადგენლებიც მოუწოდებდნენ. კერძოდ, 6 აგვისტოს ასეთი მოწოდებით გამოვიდა ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია.

თავად „იაბლოკო“ გაემიჯნა საზღვარგარეთიდან მის მხარდასაჭერ კამპანიას და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა პარტიის არჩევნებიდან მოხსნა გამოიწვიოს. პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა სპეციალურ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ „იაბლოკოს“ არ აქვს დაფინანსების უცხოური წყაროები და კავშირები ორგანიზაციებთან, რომლებიც რუსეთში „არასასურველად“ არიან გამოცხადებული.

თუმცა უკვე 7 აგვისტოს პარტია „როდინამ“ უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი „იაბლოკოს“ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. „როდინას“ ლიდერმა ალექსეი ჟურავლიოვმა ოპონენტებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, დასავლეთის სასარგებლოდ მუშაობენ.

„იაბლოკომ“ ჟურავლიოვის განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა და საპასუხო სარჩელის შეტანა დააანონსა — პარტიის საქმიანი რეპუტაციის დაცვის მოთხოვნით.

პოპულარული

ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული...

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები...

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში ვილა $51.5 მილიონად გაყიდა – New York Post

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიში, ჰიბისკუსის კუნძულზე...

ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და...

ირაკლის განადგურების პროცესი ივანიშვილის გარეშე არ განვითარდებოდა, თუმცა ის დაარწმუნეს – ღარიბაშვილის ცოლის ძმა

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი სოციალურ...

თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ გავალთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ  თუ ერევანი თვლის, რომ...

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა – იოსელიანი

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...