საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს არ შეუერთდა.
ევროკავშირმა ირანთან დაკავშირებით 24 ივლისს დაწესებული სანქციები განაახლა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედი სანქციების სიიდან 3 ფიზიკური პირი ამოიღეს, ხოლო ერთი ორგანიზაციის მონაცემები განაახლეს. სხვა არსებული შეზღუდვები უცვლელი დარჩა; უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ახლო აღმოსავლეთსა თუ წითელ ზღვაში მოქმედი დაჯგუფებების სამხედრო დახმარების გამო დაწესებული სანქციები გაგრძელდა, თუმცა სიას 4 ფიზიკური პირი გამოაკლდა; ირანში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის გამო, შავ სიას კიდევ 6 ფიზიკური პირი დაემატა.
კაია კალასის განცხადებაში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ ევროკავშირის მიესალმება იმ პარტნიორების მხარდაჭრას, რომლებიც მიუერთდნენ სანქციებს:
„ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია და უკრაინა უერთდებიან საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“ – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ სანქციებზე მიერთების შესახებ უარს იმით ხსნის, რომ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებში არ შედის.
„თურქეთიც და სერბეთიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, მაგრამ ისინი არ შეუერთდნენ. საქართველო ნებისმიერ რეზოლუციას შეუერთდება თუ არა, ან საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯებს გადადგამს თუ არა, მხოლოდ ერთი ტექსტით განისაზღვრება – ეს საქართველოს ინტერესებში შედის იმ წუთში, თუ არა. თუ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, საერთოდ არ გვაინტერესებს ვის ინტერესებშია მერე. ეს არის განსხვავება ჩვენსა და იმ უსამშობლოებს შორის, რომლებიც პირველ რიგში, სხვის ინტერესებზე ფიქრობენ და მერე, საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენი ტესტი ასეთია – რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას, პირველ რიგში, გაივლის ტესტს, ეს ჩვენს ინტერესებში შედის თუ არა. თუ ჩავთვლით რომ არ შედის, არ გადავდგამთ. ეს ყველამ იცოდეს!“ – განაცხადა „ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ოპოზიციაში ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებად მიიჩნიეს, თუ სად დგას დღეს „ქართული ოცნება“.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეჟიმზე, რომელიც ცალსახად დგას ბოროტების ღერძის ქვეყნების მხარეს. საერთაშორისო არენაზე არაერთი გადაწყვეტილება იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მიღებული, რაც ნათლად აჩვენებს, თუ სად დგას ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში ივანიშვილის „ოცნება“. საუბარია იმ რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელიც არის ტერორიზმის დამფინანსებელი, მათ შორის აშშ-ის მთავარი მტერი რეგიონში. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რას ნიშნავს, როდესაც არცერთ გადაწყვეტილებაში, მათ შორის სანქციების კუთხით საქართველო არ ფიგურირებს. სამწუხაროდ, უკვე არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ევროკავშირის სანქცირების პოლიტიკას არ უერთდება და ბოლო წლების მანძილზე ასეთი პოზიცია უჭირავს“,-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებსა და ანგარიშებში საქართველოს მიერ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე მიერთებაზე უარი მკაცრად არის გაკრიტიკებული და შეფასებულია, როგორც შეუსაბამობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.
ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილში ქვეყნის კურსი მნიშვნელოვნად დაშორდა ევროპულ სტანდარტებს. ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების იგნორირება აღიქმება, როგორც მკაფიო სიგნალი, რომ თბილისი აღარ მიჰყვება ევროკავშირის ერთიან უსაფრთხოების არქიტექტურას. ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოების დასკვნებით, საგარეო პოლიტიკის ამგვარი აცდენა და ქვეყნის შიგნით არსებული დემოკრატიული უკუსვლა გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.



