აშშ-ის მთავრობამ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პრეზიდენტ ტომოკო აკანესა და უფროს პროკურორ აბდულაი სეიეს სანქციები დაუწესა.
„ეს პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ძალისხმევაში, გამოეძიებინა, დაეკავებინა, პატიმრობაში აეყვანა ან სისხლისსამართლებრივად დაედევნა იმ სახელმწიფოების თანამდებობის პირები, რომლებიც ICC-ის იურისდიქციას არ აღიარებენ“, — განაცხადა სამშაბათს, 18 აგვისტოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
მან ICC-ს უწოდა „კორუმპირებული და უკიდურესად პოლიტიზებული ზენაციონალური სასამართლო, რომელიც ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებებს და საკუთარ მანდატს სცდება“.
ჰააგა: აშშ-ის სანქციები ICC-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ „სამართლის უზენაესობას ძირს უთხრის“
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში განაცხადეს, რომ ვაშინგტონის ქმედებები „სამართლის უზენაესობას ძირს უთხრის“.
„როდესაც მოსამართლეებსა და სამართლის წარმომადგენლებს კანონის გამოყენების გამო ემუქრებიან, საფრთხის ქვეშ დგება თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი“, — ნათქვამია ჰააგის სასამართლოს განცხადებაში.
ICC-მ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო „ურყევად“ აგრძელებს საქმიანობას და მტკიცედ უჭერს მხარს საკუთარ თანამშრომლებსა და „წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლებს“.
აშშ-ის კამპანია ICC-ის წინააღმდეგ
აშშ, ისევე როგორც რუსეთი და ისრაელი, არ არის იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე, რომლის საფუძველზეც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო შეიქმნა.
ვაშინგტონს სასამართლოს რამდენიმე წარმომადგენლისთვის სანქციები ადრეც დაუწესებია. ეს ზომები მათ აშშ-ში შესვლას და ამერიკული ფინანსური სისტემის გავლით ოპერაციების განხორციელებას უკრძალავს.
გარდა ამისა, 13 ივლისს ვაშინგტონმა ICC-ის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა და ჰააგის სასამართლო აშშ-ის სუვერენიტეტისთვის „მიუღებელი საფრთხის“ შექმნაში დაადანაშაულა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ICC-მ გამოძიება დაიწყო ამერიკელი სამხედროებისა და დაზვერვის თანამშრომლების წინააღმდეგ, უარს ამბობს ამ საქმეების დახურვაზე და ცდილობს, „ანგარიშვალდებულების გარეშე მოქმედ გლობალურ არბიტრად“ იქცეს.



