„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მისი ბოლოდროინდელი წერილებიც ციხიდან, პრევენციული ხასიათის, თემა კი პოლიტიზებული იყო.
„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ, პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ჩვენ კორუფციას აბსოლუტურად არავის არ ვაპატიებთ“ – ამის შესახებ კი „ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით ღარიბაშვილმა საქმის პოლიტიზება სცადა.
„ლოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ამ ბრალდებას დავაკავშიროთ. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ის თემის ხელოვნურად პოლიტიზებას ცდილობდა, იცოდა რა, მის მიმართ კონკრეტული ბრალის შესახებ. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, მე ვერ ვიტყვი მას დანაშაული ჩადენილი აქვს თუ არა აქვს ჩადენილი, თუმცა ლოგიკა იმას გვკარნახობს, რომ ყველაფრისგან თავის დაზღვევა უნდოდა. ძალიან ცუდია, რომ მან ამ მეთოდებით რაღაც ტიპის პოლიტიზება დაიწყო, რასაც ბრძოლასაც ვერ დავარქმევ და რაც მას ნამდვილად არ ეკადრება. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ თუ როგორი მიდგომა გვაქვს კორუფციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს როგორი თანამდებობის პირია ადამიანი – არის მაღალი თუ არამაღალი თანამდებობის პირი, ჩვენი ამჟამინდელი მინისტრია თუ გუნდის ყოფილი მინისტრია. აბსოლუტურად ყველასთან ერთნაირი მიდგომა გვაქვს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ოცნების“ კიდევ ერთი წევრი არჩილ გორდულაძე კი ამბობს, რომ „ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო“.
„პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, თანამდებობის პირებს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ხშირად სჩვევიათ ხოლმე პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება, რაც ვნახეთ კიდეც. უმძიმესია, როცა საუბარი გვაქვს უმაღლეს თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კორუფციულ დანაშაულში პირდაპირ იყო ჩართული. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად წერილების მეშვეობით თავის გადარჩენას ცდილობდა. რა პოლიტიკაში დაბრუნებაზე და რა პოლიტიკურ ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ადამიანს თავადვე აქვს აღიარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის არალეგალური თანხების მიღება, რაც არ იყო დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი. როცა ადამიანს ასეთი დანაშაული აქვს აღიარებული, წესით და რიგით, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. დანარჩენი ინსინუაციებია, რაც მან საკუთარი თავის გადასარჩენად დაიწყო, რადგან იცოდა, მის მიმართ სხვა სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ“ – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ოცნებაში“ კლანური დაპირისპირებაა, რომლის შედეგადაც კორუფციული ფაქტები წამოტივტივდა. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ ასევე დასვა კითხვა, – ხომ არ ხდება კლანური ინტერესებიდან გამომდინარე სამართლის გამოყენება ზეწოლისთვის.
„ჩვენ ვხედავთ დღეს კლანებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირების შედეგად წამოტივტივდა ის კორუფციული ფაქტები ზედაპირზე, რა კორუფციულ ფაქტებსაც ვხედავთ. სუს-ის უფროსი დაკავებულია იმის გამო, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ჩემოდნებით თანხა მიჰქონდა, დღეს ვხედავთ და გვეუბნება პროკურატურა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად ჯარს ძარცვავდაო. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ამყოფებს და არის კიდევ მეორე კითხვა, ხომ არ ხდება სამართლის გამოყენება ამ შემთხვევაში კლანური ინტერესებიდან გამომდინარე ზეწოლისთვის, ვინაიდან, საიდან იცოდა მაშინ ღარიბაშვილმა წინასწარ, რომ მას შესაძლოა ბრალი წარდგენოდა? პატიმრობაში მყოფმა ღარიბაშვილმა, საიდან იცოდა ამის შესახებ? ასევე, იყო თუ არა რეალობა წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ის მოყვანილი ფაქტები დღეს უკვე რეალობად იქცა“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
ბიძინა ივანიშვილის პასუხსმგებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ლაშა ფარულავა. მისი თქმით არმიის ძარცვასა და ელიტურ კორუფციაზე სწორედ ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი.
„ჩვენ წლების განმავლობაში ქართული არმიის, ჯარისა და ჩვენი სამხედროების ძარცვაზე ვსაუბრობდით, რომელიც მოდის არა ღარიბაშვილისგან ან ბურჭულაძისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან. ქართული არმიის ძარცვასა და ამ ელიტურ კორუფციაზე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი“ – თქვა ლაშა ფარულავამ.
ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა. მას ედავებიან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურაში ამბობენ, 2022 წელს, როცა თავდაცვის უწყებამ საიდუმლო შესყიდვის სახით ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენა გადაწყვიტა, სარგებლის მიღების გამო, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მისმა ნათესავმა მხეიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც ამ სქემის მფარველმა, სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ზიანი მიაყენეს, საიდანაც 750 ათასი ლარი ქრთამის სახით ბურჭულაძემ ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ხელზე გადასცა. როგორც პროკურატურა აცხადებს, ღარიბაშვილმა მატერიალური სარგებელი თავად მოითხოვა.



