“მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა ” – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას.
„მგონია, რომ ყველაზე სულელ და მიამიტ ადამიანსაც კი ამ ქვეყნად არ შეიძლება სჯეროდეს, რომ მდინარაძემ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. როგორც ჩანს, მას პირობები წაუყენეს ისეთი, რომ გადაწყვიტა, დროზე გაქცევა სჯობდა, უფრო უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა ბიძინას კარზე. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი არის ჩიხში შესული, ის კარგად ხედავს, რომ ქვეყანა არის აბსოლუტურ გამოუვალ მდგომარეობაში შეყვანილი მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად. შესაბამისად, ვხედავთ „ქართული ოცნების“ შიდა პროცესებს, რომელშიც მე როგორც ვხედავ, ივანიშვილი საკუთარ გამოზრდილ ვირთხებს ერთმანეთს აჭმევინებს, რომ გაათავისუფლოს ადგილი. როგორც ჩანს, ფიქრობს და ეიმედება, რომ თუ ყველა გავლენიან კლანს ერთმანეთს დააჭმევინებს, ეგებ თვითონ მაინც ჰქონდეს შანსი გამოძვრეს ამ ვითარებიდან და განახლება -გადატვირთვა მოახდინოს საკუთარი პოლიტიკის. ამის ნიშანია ის, რაც ღარიბაშვილის გარშემო განვითარდა და ასევე, ის, რაც ვითარდება კობახიძის გარშემო. მხოლოდ მდინარაძის წასვლა არ მგონია რომ იყოს, ეს უფრო ამ პროცესის დასაწყისი მგონია და არა დასასრული. კობახიძის გაგდების გარეშე ივანიშვილი ვერასდროს დაიწყებს ვერანაირი გამოსავლის მოძებნას იმ ჩიხიდან, რომელშიც ის დღეს არის შესული. ამიტომ თუ მას სურს, რომ ჩიხიდან გამოსავლის ძებნა დაიწყოს, ცხადია, რომ კობახიძე უნდა გააგდოს. მდინარაძე ყველაზე სანდო ლეიტენანტი ჰყავდა კობახიძე და ფაქტია, რომ ის დღეს გააგდეს და ალბათ, მადლობელია, რომ არ დაიჭირეს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. შემდეგ ვის დაიჭერენ უცნობია.
მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიც და მდინარაძის გადადგომაც არის ერთი პროცესი. ამ პროცესში ივანიშვილი სხვადასხვა კლანებს, მის მიერვე გამოკვებილ, შექმნილ კლანებს, ვირთხებივით ერთმანეთს აჭმევინებს, რომ თვითონ გამოვიდეს გამარჯვებული. მე ამ პროცესს ასე ვხედავ. სამწუხარო რეალობა, რომელიც უნდა დაინახოს ამ პროცესში საქართველოს მოქალაქემ არის ის, რომ აბსოლუტურად მიტოვებულია ბედის ანაბარა ხელისუფლებისგან. ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არის დაკავებული ამ პროცესებით, დაჭერების და ერთმანეთთან გასწორების, მაშინ, როცა ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის“-განაცხადა სამადაშვილმა.



