აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანზე ახალი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.
„დარტყმები მოჰყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბოლო მცდელობებს, თავს დასხმოდა სამოქალაქო გემებს ჰორმუზის სრუტეში და რეგიონში განთავსებულ ამერიკელ სამხედროებს“, — ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.
ამერიკელი სამხედროების ცნობით, დარტყმები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით შუადღისას დაიწყო — გრინვიჩის დროით 16:00 საათზე.
ცოტა ხნის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დარტყმები პასუხია ირანის მცდელობებზე, ახალი ნაღმები განეთავსებინა ჰორმუზის სრუტეში და რვა რაკეტით დაერტყა იორდანიაში მდებარე ამერიკული ბაზისთვის. ტრამპის განცხადებით, ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
თუ ირანი ამჯერადაც გადაწყვეტს საპასუხო მოქმედებას, დონალდ ტრამპი ახალი დარტყმებით იმუქრება, რომლებიც, მისი თქმით, „გაცილებით ძლიერი და უფრო მაღალი დონის“ იქნება.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ ახალ დარტყმებს ინანებს. ირანული სააგენტოების ცნობით კი, რეგიონში ამერიკული ბაზების მიმართულებით საპასუხო რაკეტებისა და დრონების გაშვება უკვე დაიწყო.
ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა ივლისის შემდეგ პირველად დაარტყა ირანში მდებარე სამიზნეებს — ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ ლარაკზე განთავსებულ ორ სარაკეტო დანადგარს. ირანმა საპასუხოდ იორდანიაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა, ხოლო ერთი დრონი არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.
ირანის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აშშ-მა, მათ შორის, ოთხი რაკეტით დაარტყა ჩაბაჰარისა და კონარაკის პორტების რაიონებს ომანის ყურის სანაპიროზე, ირანის უკიდურეს სამხრეთში.
გარდა ამისა, ირანის სახელმწიფო გამოცემა IRIB იუწყება, რომ ამერიკულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ჯიროფტის აეროპორტსაც დაარტყეს. ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim კი რამდენიმე აფეთქების შესახებ წერს კუნძულ ქეშმზე, ასევე კონარაკისა და ბანდარ-აბასის პორტებში.

