ირაკლი კობახიძის განცხადებები ქვეყანაში „რუსოფობიის ძირშივე აღმოფხვრის“ შესახებ წამყვანი რუსული მედიასაშუალებებისა და კრემლის საინფორმაციო პროპაგანდის მთავარ თემად იქცა. მის გამოსვლას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც კობახიძემ ანტირუსულ განწყობებს „ყველაზე ბნელი მოვლენა“ უწოდა, მოსკოვში მყისიერი და ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მოჰყვა.
რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა, მათ შორის TASS-მა, RIA Novosti-მ, Lenta.ru-მ, კობახიძის ციტატები მთავარ გვერდებზე განათავსეს. რუსული მედია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კობახიძის იმ პირობაზე, რომ მმართველი გუნდი ჩანასახშივე აღკვეთს ნებისმიერ ანტირუსულ კამპანიას, რომელსაც, მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ და „უცხოელი პატრონები“ თავს ახვევენ ქართულ საზოგადოებას.
რუსული საინფორმაციო პლატფორმები ტირაჟირებენ კობახიძის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ანტირუსული განწყობების უკან მხოლოდ „აგენტურის მცირე ბირთვი“ დგას. მოსკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ხაზგასმა იმაზე, რომ თბილისი მზად არის რუსეთთან მიმართებით „პრაგმატული და ამავდროულად პრინციპული პოლიტიკა“ გააგრძელოს.
ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა: „მართლა არიან ადამიანები, თითზე ჩამოსათვლელი, ცოტა, აგენტურის რაღაც ბირთვი, რომელიც ამ კამპანიას მიჰყვება, მაგრამ ქართველი ხალხი, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ორგანულია აბსოლუტურად ტოლერანტობა და არაორგანულია ქსენოფობია ნებისმიერი გამოვლინებით, ამ კამპანიას არ აჰყვება. მაგრამ თუ ფხიზლად არ ვიქნებით, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს.
ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავუპირისპირდეთ არა ტერმინ ქსენოფობიას და რუსოფობიას, არამედ რუსოფობიას ძირშივე. მიუხედავად იმისა, რომ რუსოფობიის გაღვივების შანსი საქართველოში ძალიან ცოტაა გამომდინარე ჩვენი ხალხის ბუნებიდან, ამის მიუხედავად უნდა ვიყოთ ფრთხილად და ძირშივე უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოში გააღვივონ ქსენოფობია, კონკრეტულად რუსოფობიის სახით.
რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას – ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ


