„სინდისის პატიმრები“ არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ ვართ მზად, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც გამოვხატეთ და რომელიც ძალაშია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გავიმეორებ ჩვენს გზავნილს: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაული, რომელიც მათ თავის დროზე აქვთ ჩადენილი, ვგულისხმობ, ძალადობას, რომელსაც ისინი იყენებდნენ აქციების დროს. ეს პოზიცია ძალაში რჩება. ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები მიმართავენ შესაბამის უწყებებს საკუთარი განცხადებებით. ჩვენი ეს პოზიცია არის ძალაში. როდესაც ამ რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა არის მათი რეალური მიზანი. მათი ერთადერთი მიზანია რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი,“ – განაცხადა კობახიძემ.


