საბერძნეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, რამდენიმეთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, საცხოვრებელი ბინების სერიულ ქურდობაში ბრალდებული კრიმინალური დაჯგუფება გააუვნებელყო. ატიკის რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო სულ საქმეში ჯგუფის 8 წევრი ფიგურირებს.

გამოძიების ინფორმაციით, კარგად სტრუქტურირებული ბანდა, რომელიც მინიმუმ 2025 წლის ივლისიდან მოქმედებდა, საბერძნეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენს ატერორებდა. ნაძარცვი ნივთებისა და ფულის საერთო ღირებულება ამ დროისთვის 179 000 ევროს აჭარბებს.
გამოძიებამ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქურდების ჯგუფი მაღალი პროფესიონალიზმითა და მკაცრად განაწილებული როლებით მოქმედებდა. ბინების შერჩევა ხდებოდა წინასწარ, ნაქირავები ან მესამე პირებზე გაფორმებული მანქანებით, ძირითადად ღამის საათებში.
დაჯგუფება იყენებდა უჩვეულო ტაქტიკას, რომელსაც ბერძნულმა მედიამ „წებოს ხრიკი“ უწოდა: პოტენციური მსხვერპლის ბინის კარსა და ჩარჩოს შორის ისინი შეუმჩნეველ წებოს ზოლს ავლებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდნენ – თუ წებო მთელი დახვდებოდათ, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ბინა ცარიელი და სამოქმედოდ უსაფრთხო იყო.
ბანდას ჰყავდა საკუთარი საინფორმაციო ქსელიც. საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მიიჩნევა 48 წლის ქალი, რომელიც ოჯახებში დამლაგებლად მუშაობდა. მას ხელი მიუწვდებოდა მასპინძლების გრაფიკზე და კრიმინალურ ჯგუფს ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა იმის შესახებ, თუ როდის ტოვებდნენ მეპატრონეები სახლებს უქმეებსა თუ შვებულებების პერიოდში.
კრიმინალურ ორგანიზაციაში იერარქია მკაცრად იყო დაცული. 37 წლის ლიდერი კოორდინაციას უწევდა მოქმედებებს, არჩევდა რაიონებს და კავშირზე იყო საზღვარგარეთ მყოფ პირებთან. 43 წლის „მოადგილე“ მონაწილეობდა უშუალო ძარცვებში და ხელმძღვანელობას თავის თავზე იღებდა, როცა ლიდერი ადგილზე არ იყო. 22 წლის წევრი ასრულებდა როგორც შემსრულებლის, ისე „გუშაგის“ როლს, რათა პოლიციის ან მეზობლების გამოჩენა დაეფიქსირებინა.
კომუნიკაციისთვის ჯგუფი იყენებდა სპეციალურ, ე.წ. „სამუშაო“ ტელეფონებსა და სხვის სახელზე რეგისტრირებულ SIM ბარათებს. ისინი ფლობდნენ საკეტების გატეხვის სპეციფიკურ ცოდნას, რის გამოც ბინებში ისე შედიოდნენ, რომ კარებზე დაზიანების კვალს თითქმის არ ტოვებდნენ. ნაძარცვი ფულის ნაწილს ყოველდღიურ ხარჯებსა და შესაძლო დაკავების შემთხვევისთვის საადვოკატო ფონდში ინახავდნენ, ხოლო დიდი ნაწილი საზღვარგარეთ იგზავნებოდა. ფულადი გზავნილების სისტემით ქვეყნიდან უკვე გატანილია 76 000 ევრომდე.
ამ დროისთვის გახსნილია ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 23 ეპიზოდი ათენის ისეთ პოპულარულ რაიონებში, როგორიცაა კალითეა, პალეო ფალირო, ხალანდრი, პანგრატი და სხვა.
დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას პოლიციამ ნამდვილი საგანძური აღმოაჩინა. ამოღებულია: დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულები, ძვირფასი საათები, ბრენდული ჩანთები, პარფიუმერია, ძვირადღირებული ტექნიკა (ლეპტოპები, ტაბლეტები, ფოტოაპარატები), ვერცხლის დანა-ჩანგლის ნაკრებები, 6 მოოქროვილი საეკლესიო ხატი, კოლექციონერების 40 საწერი კალამი, კუსტარული გასაღებები („ატმიჩკები“) და ყულაბიდან მოპარული 1300 ევროც კი.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს წარსულშიც არაერთხელ აქვთ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულები, მოხდილი აქვთ სასჯელი ბერძნულ ციხეებში და მათ მიმართ შეზღუდვებიც მოქმედებდა. საქმე გადაცემულია პროკურატურაში, ხოლო სამართალდამცველები აგრძელებენ გამოძიებას სხვა შესაძლო ეპიზოდების გამოსავლენად.


