რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღება მოითხოვეს. ამის შესახებ ნათქვამია შეხვედრის შემაჯამებელ პრესრელიზში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომლის მიხედვითაც თბილისი ვალდებულებას აიღებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, შემდგომ კი მათი დემარკაციის საკითხები.
ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები და რეგიონის სახელმწიფოებში უსაფრთხოების საკითხები.


