თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკში უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე რკინაბეტონის მობილური თავშესაფრების დამონტაჟება დაიწყეს, რომლებსაც ადგილობრივებმა საბჭოთა ეპოქის არქიტექტურული ტრადიციის – „ხრუშჩოვკებისა“ და „სტალინკების“ ანალოგიით ირონიულად „პუტინკები“ შეარქვეს.
ქალაქის მერმა, რადმირ ბელიავმა ოფიციალურად გამოაცხადა პილოტური პროექტის დაწყება, რომელიც ითვალისწინებს 20 ადამიანზე გათვლილი დამცავი ბლოკების განთავსებას პარკებსა და სკვერებში, რათა მოსახლეობა უკრაინული დრონებით თავდასხმებისას, ნამსხვრევებისა და დარტყმითი ტალღისგან იყოს დაცული.
თათრეთში მსგავსი თავდაცვითი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც რეგიონის უმსხვილესი სამრეწველო ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უკრაინული შორსმავალი დრონების რეგულარულ სამიზნედ იქცა. აგვისტოსა და სექტემბერში ნიჟნეკამსკის ნავთობჰაბზე მიტანილ მასშტაბურ იერიშებს მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა მოჰყვა.
მობილური თავშესაფრების დამონტაჟება მხოლოდ საჯარო სივრცეებში არ ხდება. ქალაქის ხელისუფლებამ ნიჟნეკამსკში მოქმედ საწარმოებსაც შესთავაზა მსგავსი კონსტრუქციების შეძენა თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის.
პარალელურად, რუსეთის უმსხვილესმა სავაჭრო და ლოგისტიკურმა ქსელებმა — მათ შორის „Пятерочка“, „Магнит“, „Лента“ და „Комус“ — უკვე შეუკვეთეს ასობით რკინაბეტონის მობილური თავშესაფარი საკუთარი პერსონალის დასაცავად.
მაგალითად, მხოლოდ „Пятерочка“ 90-მდე თავშესაფარს ყიდულობს რუსეთის სხვადასხვა რეგიონისთვის. საწყობების თანამშრომლებისთვის მობილურ თავშესაფრებს მასობრივად ყიდულობს უმსხვილესი საკურიერო სერვისი CDEK-იც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსული ბიზნესი გრძელვადიანი საჰაერო საფრთხის რეჟიმში გადასასვლელად ემზადება.


