2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება.
ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება.
თანამდებობრივი სარგოს ზრდა ავტომატურად იწვევს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდასაც, რადგან ის მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე და კანონით დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად დგინდება.
შედეგად, 2027 წელს საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი თვეში 17 350 ლარი (დაწესებული საბაზო ანაზღაურება გამრავლებული დაწესებულ კოეფიციენტ 10-ზე) იქნება, რაც წლიურად 208 200 ლარს შეადგენს.
ამავე ფორმულის მიხედვით, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაც თვეში 17 350 ლარი, წლიურად კი 208 200 ლარი გახდება.
რაც შეეხება მინისტრების ანაზღაურებას, კოეფიციენტი განსხვავებულია, 8.5-ს შეადგენს და შედეგად, მინისტრების ანაზღაურება თვეში 14 747.5 ლარი იქნება, რაც წლიურად 176 970 ლარს შეადგენს.
ამავე ფორმულისა და ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 13 880 ლარი გახდება, წლიურად კი 166 560 ლარი იქნება.


