ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მესიმ გოლი გაიტანა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ტრიბუნებს 10-წუთიანი სიტყვით მიმართა.
მესიმ ნაკრებიდან წასვლის შესახებ აგვისტოს ბოლოს განაცხადა.
„[ნაკრებისთვის] ყველაფერი გავიღე, მეტის მიცემა აღარ შემიძლია. გარდა ამისა, ჩემ შემდეგ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან, რომლებიც შანსს იმსახურებენ“, — დაწერა მაშინ არგენტინის ნაკრების 39 წლის კაპიტანმა.
ამის შემდეგ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩი გამართა. არგენტინის მეტოქე ბენინი იყო. ლურჯ-თეთრი მაისურით ჩატარებულ თავის ბოლო შეხვედრაში მესიმ ბუენოს-აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ შეკრებილი 85 000 გულშემატკივარი იმედგაცრუებული არ დატოვა.
მან სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა: თავდაპირველად მესიმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ბოლოს კი პენალტი ზუსტად გამოიყენა. ეს არგენტინის ნაკრებში მისი 126-ე და უკანასკნელი გოლი იყო.
მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლისას, მათ შთამბეჭდავი ფოიერვერკით შეხვდნენ, ხოლო მთელ მოედანზე არგენტინის ნაკრების უზარმაზარი მაისური გაშალეს — ნომრით 10 და წარწერით „gracias“ („მადლობა“).

შეხვედრის მეათე წუთზე თამაში კვლავ შეჩერდა — კიდევ ერთი ფოიერვერკისა და მესისადმი მორიგი ოვაციისთვის. ამ დროს ბენინის ფეხბურთელებსაც მიეცათ შესაძლებლობა, ლეგენდასთან მისულიყვნენ და ხელი ჩამოერთმიათ.
რაც შეეხება თავად თამაშს, მესი, ჩვეულებისამებრ, არგენტინის ყველა შეტევის ეპიცენტრში იყო. მას გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა: კაპიტანმა ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მატჩის მიწურულს კი ბურთი ძელსაც გაარტყა.
მატჩის შემდეგ ლიონელ მესიმ ტრიბუნებს მიმართა.
„ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი ბრძოლა არასოდეს შემიწყვეტია, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ყოველთვის ბოლომდე თამაშში ვიყავი. ნაკრებიდან წასვლა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იქნება. გეფიცებით,ვისურვებდი აქ მუდმივად ჩამოვდიოდე, და მთელი ცხოვრება არგენტინის ნაკრებში ვთამაშობდე, რადგან არგენტინის ნაკრებში თამაში საუკეთესო რამაა, რაც შეიძლებოდა ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო“, — თქვა მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში.
„სიმართლე რომ გითხრათ, დღეს იმაზე მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ოდესმე. არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით. ღმერთის უსაზღვროდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ არგენტინელი ვარ — ამით ვამაყობ — და იმისთვისაც, რომ თქვენთან ერთად ჩემი ოცნებების ახდენა შევძელი“, — დაასრულა მესიმ.
დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მესი საკლუბო დონეზე გაცილებით წარმატებული იყო, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში. მაშინ, როცა ის „ბარსელონაში“ ბრწყინავდა, არგენტინა წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა დიდი ტურნირის მოგებას. ერთადერთი გამონაკლისი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა იყო, თუმცა ეს ტურნირი 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის იმართებოდა და არა უფროსი ეროვნული ნაკრებებისთვის.
მესის მიუხედავად, არგენტინა არაერთხელ რჩებოდა მეორე ადგილზე. ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო, ასევე დამარცხდა 2007, 2015 და 2016 წლების კოპა ამერიკის გადამწყვეტ მატჩებში.
2016 წელს, 29 წლის მესიმ ნაკრებიდან წასვლაზეც კი იფიქრა.
„როგორც ჩანს, სანაკრებო ტიტულები უბრალოდ ჩემთვის არ არის“, — თქვა მესიმ კიდევ ერთი მარცხის შემდეგ.
თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არგენტინამ პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. 2021 წელს მესიმ ბოლოს და ბოლოს აღმართა კოპა ამერიკის თასი, ხოლო 2024 წელს არგენტინამ კონტინენტური ჩემპიონატი კვლავ მოიგო.
2022 წელს არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ოთხი წლის შემდეგ გუნდი კვლავ გავიდა ფინალში, თუმცა ამჯერად ესპანეთთან დამარცხდა.
მესი საკლუბო კარიერას გააგრძელებს. მისი კონტრაქტი ამერიკული MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამისთან“ 2028 წლამდე მოქმედებს.


