რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ მწარმოებლებს, ასევე ლიმონათისა და მინერალური წყლის ექსპორტს.
რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი წერილი გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის 9 ოქტომბრიდან ამოქმედდა დროებითი სანიტარიული ზომა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში გარკვეული საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერებას ითვალისწინებს.
აკრძალვა ვრცელდება შემდეგ კომპანიებზე:
▪️ „Teliani Valley“;
▪️ „Tbilvino“;
▪️ „Askaneli Brothers“;
▪️ „Wine Man“;
▪️ „Zedazeni“ (სს „ქართული ლუდის კომპანია“);
▪️ „Coca-Cola Bottlers Georgia“;
▪️ „Nabeghlavi“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის — „სურსათის უვნებლობის შესახებ“ — მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პროდუქცია, რომელიც აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება, მიმოქცევიდან უნდა ამოიღოს თავად ეკონომიკურმა ოპერატორმა ან ეს უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების განკარგულებით.
„წინამდებარე წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“, — ნათქვამია რუსეთის შესაბამისი უწყებების დოკუმენტში.


