დაპირისპირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილ დეკანს, გიორგი ქადაგიძესა და უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას შორის დღეს დებატები გაიმართება. “რუსთავი2-ის შეთავაზებას ორივე მხარე დათანხმდა.

დებატებს წინ უძღოდა გიორგი ქადაგიძის გათავისუფლება, რის შესახებაც საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის ამბობს, რომ ბიზნესის სკოლისთვის მიუღებელია, როდესაც სასწავლო პროცესისთვის და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ორი ადამიანი და არ არის უზრუნველყოფილი ამ პროცესებში შესაბამისი რგოლების ფართო ჩართულობა. წერილის თანახმად, გიორგი ქადაგიძე აკადემიური საბჭოსგან მოითხოვდა:

1. გაუქმდეს და თავიდან დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების შესარჩევად და შემდგომი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ეცნობოს სკოლის აკადემიურ პერსონალს;

2. არაეფექტური და აკადემიური სივრცისთვის შეუსაბამო სტანდარტის მენეჯმენტისთვის ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება უნივერსისტეტის კანცლერს;

3. უნივერსიტეტის მართვა განხორციელდეს ისე, როგორც ამას ითხოვს კანონმდებლობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა;

4. უზრუნველყოფილ იქნას უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული გამჭირვალობა სტრუქტურული ერთეულების მიხედვით.

“ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი, ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის. პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს “მომზადებული” ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი. მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა, სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის. ცხადია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება”, წერს ქადაგიძე.

ქადაგიძე რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის.

წერილში ქადაგიძე საუბრობს, რომ სკოლა არის ღრმა კრიზისში, უნივერსიტეტის მენეჯმენტი ვერ აღიქვამს პრობლემების და გამოწვევების სიღრმესა და სიმძაფრეს. ქადაგიძე წერს, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა შეიმუშავა და ატარებს რეფორმებს, რომლებიც მოიცავს თანამედროვე კონტენტის შემუშავებას, სილაბუსების მთლიან გადამუშავებას, საგნების მიმართულებებათ დაჯგუფებას და აკადემიურ პერსონალის უფრო სიღრმისეულ ჩართულობას, დამსაქმებლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, ცენტრალიზებული საგამოცდო ცენტრის ჩამოყალიბებას, მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო სტატისტიკის წარმოებას, საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას და დანერგვას, პროცესების მაქსიმალურ ელექტრონიზაციას, ეფექტური სამიზნე ნიშნულების შემუშავებას თითქმის ყველა მიმართულებით და შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპის დანერგვას. ამბობს, რომ პრობლემური საკითხების მოგვარების ტემპი, რომელიც განეკუთვნება ცენტრალური ადმინისტრაციის კომპეტენციას, დამაკმაყოფილებელი არ არის.

“აღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობა მით უფრო გაუგებარია, როდესაც ბიზნესის სკოლიდან ყოველწლიურად უნივერსიტეტის ბიუჯეტი ივსება ათეულ მილიონ ლარზე მეტით. ჩემი ვარაუდით, (ვინაიდან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება უნივერსიტეტის ბიუჯეტზე სტრუქტურული ერთეულების მიხედვით შეუძლებელი ამოცანაა ბიზნესის სკოლისთვის) ბოლო ოთხ წელიწადში ბიზნესის სკოლიდან არსებულმა წმინდა შემოსავალმა შეადგინა 40 მილიონი ლარი, რომლის გათვალისწინებით, სტუდენტებზე გაწეული სერვისების ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”, წერია ქადაგიძის წერილში.

სოციალური ქსელიდან უპასუხა ქადაგიძის ამ წერილს უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ, რომლის განცხადებით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები; იდეა – ერთიანი სივრცე, სადაც მაღალი ტექნოლოგიები, ბიზნესი და განათლება გადაიკვეთება. პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის. ზედანია ამბობს, რომ პერსონალურ კინკლაობაში შესვლას კი არ აპირებს.

“პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის. ამ ფაკულტეტის სასწავლო პროცესი განხორციელდება, მათ შორის, ილიაუნის ახალ შენობაში, რომელიც სან-დიეგოს უნივერისტეტთან ერთად აშენდა და რომელიც მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკლასო ოთახებს. შედეგად, სტუდენტები მიიღებენ ბევრად უფრო კარგ სერვისს, უკეთესი ხარისხის პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, დასაქმების უკეთეს შანსებს. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ვუმატებთ სამედიცინო მიმართულებას – ინგლისურენოვანი პროგრამა მზადაა და აკრედიტაციაზე შეტანილი”, წერს ზედანია და აღნიშნავს, რომ ეს არ არის ილიაუნის პირველი რეფორმა და არც – უკანასკნელი.

ზედანიას თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა მოწინავე პოზიციებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში; სრულად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა; გაიხსნა საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია; დასრულდა და მალე ექსპლუატაციაში შევა პირველი ტექნოლოგიური კორპუსი; სახელმწიფოსგან მიიღო უპირობო ავტორიზაცია; საუკეთესო უნივერსიტეტია სამეცნიერო შედეგების თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში; მოიპოვა ყველაზე მეტი ერაზმუსის პროექტი, მათ შორის, პირველმა და ერთადერთმა, როგორც ევროპული უნივერსიტეტების სრულფასოვანმა პარტნიორმა და სხვა.

“2019 წელს განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელზეც ლაპარაკი ბევრად ადრეა დაწყებული. ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით. თუმცა გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა პროცესში მონაწილეობაზე. გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა.” ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია”, წერს ზედანია.