ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, თუმცა ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო 61 მანდატი არცერთ ძირითად პოლიტიკურ ბლოკს არ აქვს.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, ხმების 41.9%-ის დათვლის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს, ხოლო მისი მთავარი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ხელმძღვანელობით მოქმედი ოპოზიციური ბლოკი — 47 მანდატს იღებდა.
ძირითად პოლიტიკურ ბლოკებს მიღმა დარჩენილი არაბული პოლიტიკური ძალების გაერთიანება „ერთობლივი სიისთვის“ 12 მანდატი, ხოლო პარტია „რაამისთვის“ 4 მანდატი იყო პროგნოზირებული.
არჩევნების შედეგზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა სწორედ არაბულ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ. მათი სავარაუდო 16 მანდატი ოპოზიციურ ბლოკს უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემდა, თუ ისინი აიზენკოტის ბლოკთან თანამშრომლობაზე შეთანხმდებოდნენ.
არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 77.7% შეადგინა. საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე კი მანდატების განაწილება შესაძლოა შეიცვალოს.
ისრაელის ქნესეთი 120 წევრისგან შედგება, მთავრობის ფორმირებისთვის კი სულ მცირე 61 მანდატის მხარდაჭერაა საჭირო. შესაბამისად, ხმების დათვლის დასრულების შემდეგაც პოლიტიკური ძალებისთვის მთავარი გამოწვევა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება იქნება.


