კავკასიაში აშშ-ს და NATO-ს გავლენის გაძლიერება აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ირგვლივ ვითარების გამწვავების წინაპირობას ქმნის, – ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი სიდოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა, რაც განპირობებულია რეგიონის საზღვრებთან მაღალი კონფლიქტური პოტენციალის არსებობით და ასევე აშშ-ს და დასავლეთის მისწრაფებით, აღნიშნულ რეგიონში საკუთარი გავლენა გაზარდონ.
“საქართველო, დიალოგისთვის მზაობის დემონსტრირებასთან ერთად, ბლოკავს მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის ფორმატში აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” კონფლიქტის გადაჭრის კუთხით. დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს თბილისს ამ საკითხში და წინაპირობებს ქმნიან ვითარების გამწვავებისთვის. აშშ-ს და NATO-ს საქმიანობა რეგიონში გავლენის გაზრდის თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის ანტირუსულ პოლიტიკას და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას”, ამბობს სიდოროვი.










