12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალაქის ავტოგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგები შეინიშნებოდა.
რუსეთის ხელისუფლების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ჩამოგდებული უპილოტო აპარატების ნამსხვრევებმა სამხრეთ სამრეწველო ზონაში მდებარე საწარმოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია. ოფიციალურ განცხადებაში დაზიანებული ობიექტის დასახელება არ გავრცელებულა.
თუმცა, უკრაინული მონიტორინგის არხებისა და ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, სამიზნე „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA თვითმხილველების ვიდეომასალაზე დაყრდნობით წერს, რომ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა დაფიქსირდა.
ინციდენტის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ვოლგოგრადის ავტოგასამართ სადგურებთან საწვავის შესაძენად მისული ავტომობილების რიგები ჩანს. გავრცელებული ცნობებით, მძღოლები შესაძლო დეფიციტის მოლოდინში საწვავის მარაგის შევსებას ცდილობენ.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენად დაზიანდა ქარხანა და შეჩერდა თუ არა მისი მუშაობა. ასევე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, აისახება თუ არა მომხდარი რეგიონში საწვავის მიწოდებაზე.


