„ჭირვეული პუტინი, ჯიუტი ზელენსკი და დემოკრატების ღალატი“–ჯო ბაიდენმა თავისი პრეზიდენტობის ოთხი წლის შესახებ მემუარები გამოსცა

17 ნოემბერს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მემუარები გამოდის, სახელწოდებით Promise Me, America („დამპირდი, ამერიკა“). წიგნში ის თეთრ სახლში გატარებულ ოთხ წელზე, მოკავშირეებსა და არაკეთილმოსურნეებზე, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრებზე, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რთულ ურთიერთობასა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან უთანხმოებებზე მოგვითხრობს.

როგორც გამომცემლობის ანოტაციაში წერია, ბაიდენს სურდა, წიგნში აეხსნა გადაწყვეტილებები, რომლებსაც თანამედროვე ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში იღებდა, და გულახდილად მოეთხრო თავის მიღწევებზე, სირთულეებსა და პირად დანაკარგებზე.

ამერიკული გამოცემები, რომლებსაც წიგნის გამოქვეყნებამდე გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ, აღნიშნავენ, რომ ბაიდენი კვლავ დარწმუნებულია თავისი გადაწყვეტილებების უმეტესობის სისწორეში. ეს განსაკუთრებით ეხება მისი პრეზიდენტობის ორ ყველაზე სადავო ეპიზოდს — ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანასა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა კენჭისყრის გადაწყვეტილებას, რომელზეც მან საბოლოოდ უარი თქვა.

ამასთან, მემუარების ზოგიერთი ყველაზე საყურადღებო მონაკვეთი თავად ბაიდენს კი არა, მსოფლიო ლიდერებს ეძღვნება, რომლებთანაც მას ურთიერთობა უწევდა.

პუტინი — „მოზარდივით“, ზელენსკი — „მოღუშული და ჯიუტი“

როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრებიდან ჯო ბაიდენს ყველაზე მკაფიოდ რუსეთის პრეზიდენტის ქცევის მანერა დაამახსოვრდა.

როგორც Wall Street Journal წერს, ბაიდენი პუტინის საუბრის ტონს „გაღიზიანებულსა და ჭირვეულს“ უწოდებს. მისი თქმით, შეხვედრებზე რუსეთის პრეზიდენტს უყვარდა სავარძელში გადაწოლა და გულგრილობის დემონსტრირება — „მოზარდივით“.

არანაკლებ გულახდილად აღწერს ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აღიარებს, რომ სამსახიობო კარიერა ზელენსკისთვის კარგი მომზადება აღმოჩნდა ომის დროს ქვეყნის ხელმძღვანელის როლის შესასრულებლად. თუმცა, მემუარების მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტთან პირადი ურთიერთობა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.

ბაიდენი წერს, რომ პირად საუბრებში ზელენსკი ზოგჯერ „მოღუშული და ჯიუტი“ იყო და იმაზე ნაკლებ მადლიერებას გამოხატავდა, ვიდრე მისგან ამერიკელი ლიდერი ელოდა.

ეს დახასიათებები საყურადღებოა იმით, რომ საუბარია ორ პრეზიდენტზე, რომლებთან ურთიერთობასაც ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა, თუმცა მემუარებში ისინი, უპირველეს ყოვლისა, პირადი ურთიერთობისას მიღებული შთაბეჭდილებებით არიან წარმოჩენილი.

ხელახლა კენჭისყრის გადაწყვეტილება, მარცხი და თანაგუნდელების ღალატი

თავის წიგნში ბაიდენი განმარტავს, რატომ მიაჩნდა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა კენჭისყრა შეეძლო.

როგორც Atlantic-ის მიმომხილველი მეტ ვაიზერი წერს, ბაიდენი ასახელებს ორ მოვლენას, რომლებმაც დაარწმუნა, რომ მის ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება გადაჭარბებული იყო.

პირველი იყო 2023 წელს კონგრესში ყოველწლიური მიმართვით გამოსვლა. მეორე — ორი კვირის შემდეგ კიევში მოულოდნელი ვიზიტი.

უკრაინის დედაქალაქში ომის პირობებში ჩასვლა ბაიდენისთვის იმის დასტური გახდა, რომ კვლავ შეეძლო პრეზიდენტის მოვალეობებთან გამკლავება.

ამ ვიზიტის გახსენებისას ბაიდენი ზოგიერთ ყოფით დეტალსაც ახსენებს, მაგალითად, გზაში წაღებულ არაქისის კარაქისა და ჯემის სენდვიჩებს, ასევე უკრაინის რკინიგზით აღფრთოვანებას. Atlantic მკითხველს შეახსენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მატარებლით მგზავრობის სიყვარულით დიდი ხანია ცნობილია.

2024 წლის ივნისში ტრამპთან სატელევიზიო დებატებში თავის ჩავარდნას, რის შემდეგაც დემოკრატიულ პარტიაში კანდიდატის შეცვლის მოთხოვნები გაისმა, ბაიდენი მემუარებში რამდენიმე გარემოებით ხსნის.

როგორც წიგნის გაცნობის შემდეგ Atlantic წერს, ავტორი ჩივის, რომ ეთერამდე რამდენიმე დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა კორონავირუსზე ეჭვი არ დადასტურდა. გარდა ამისა, ბაიდენის თქმით, ხანგრძლივმა მოგზაურობებმა გამოფიტა, ხოლო მისი ვაჟის, ჰანტერის სასამართლო პროცესის გამო მძიმე პერიოდს გადიოდა.

წიგნში ის აღიარებს, რომ დებატების დროს მსჯელობის ძაფი დაკარგა, თუმცა ამას გამოუსწორებელ პრობლემად არ მიიჩნევდა და იმედოვნებდა, რომ კამპანიის შემდგომ ეტაპებზე უკეთ გამოვიდოდა.

თუმცა მისმა თანაპარტიელებმა დაიწყეს მცდელობა, რომ ის საარჩევნო რბოლიდან გასულიყო: საჯაროდ გადაწყვეტილებას მას უტოვებდნენ, კულისებში კი ყველანაირად არწმუნებდნენ, უარი ეთქვა მონაწილეობაზე.

როგორც ჯო ბაიდენი წერს, ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი — იმ დროისთვის — ნენსი პელოსი და სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი – ასევე იმ დროისთვის – ჩაკ შუმერი.

ბაიდენი აღიარებს, რომ დიდი ხნის მოკავშირეების ქმედებები პირად ღალატად აღიქვა.

როგორც Atlantic აღნიშნავს, წიგნში დეტალურადაა ჩამოთვლილი ბაიდენის სატელეფონო საუბრები მას შემდეგ, რაც მან საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ განაცხადა. მათ შორის, ვისაც ის დაურეკა, იყვნენ ბილ კლინტონი, კონგრესის წევრები და გუბერნატორები.

თუმცა ამ ჩამონათვალში არ არის ორი ყველაზე გამორჩეული ფიგურა — ნენსი პელოსი და ბარაკ ობამა.

ტრამპი: ბოროტმოქმედი და კეთილისმსურველი ერთ ადამიანში

მემუარებში ბაიდენი დიდ ადგილს უთმობს თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, დონალდ ტრამპს.

როგორც Atlantic-ის მიერ გამოქვეყნებული ნაწყვეტიდან ირკვევა, ბაიდენი მიიჩნევს, რომ ტრამპს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებზე, როდესაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმს დაესხნენ თავს.

ბაიდენი დარწმუნებულია, რომ ტრამპი ამბოხის მცდელობას ხელმძღვანელობდა და „ის, რაც მან გააკეთა, საფლავამდე უნდა სდევდეს“.

ბაიდენი ასევე აკრიტიკებს ნაბიჯებს, რომლებითაც ტრამპმა მეორე საპრეზიდენტო ვადა დაიწყო — კერძოდ, კლიმატის პოლიტიკის გადახედვასა და 6 იანვრის მოვლენების მონაწილეთა შეწყალებას. ბაიდენის რწმენით, ეს და მრავალი სხვა ქმედება საფრთხეს უქმნის ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ პრინციპებს.

თუმცა წიგნში მოულოდნელად სრულიად სხვაგვარი ტრამპიც ჩნდება.

ბაიდენი იხსენებს, რომ 2024 წლის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ ისინი ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ ერთმანეთს. დონალდი უჩვეულოდ მეგობრული იყო და თქვა, რომ პოლიტიკა რომ არა, ისინი, ალბათ, კარგი მეგობრები იქნებოდნენ და ერთად გოლფსაც ითამაშებდნენ.

ბაიდენი აღიარებს, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგის ასეთმა ქცევამ საგონებელში ჩააგდო. შეხვედრა, რომლისთვისაც თავდაპირველად ნახევარი საათი იყო გამოყოფილი, თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

მემუარებში სრულად არის მოყვანილი წერილიც, რომელიც ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ თეთრ სახლში ბაიდენს დაუტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა და მისმა მხარდამჭერებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს, წერილში ის თბილად საუბრობს თავის მემკვიდრეზე, მადლობას უხდის ამერიკელი ხალხის სამსახურისთვის და თეთრი სახლის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებას უსურვებს.

ბაიდენი ამ წერილის ტონს უაღრესად კეთილგანწყობილსა და თბილს უწოდებს.

საგარეო პოლიტიკის რთული მომენტები: ისრაელი და ავღანეთი

აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირესთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობას ბაიდენი განსაკუთრებული სითბოს გარეშე აღწერს.

როგორც Wall Street Journal წერს, ბაიდენი აღიარებს, რომ მათ შორის დიდი ნდობა არ არსებობდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელის პრემიერის ზოგიერთ პოლიტიკურ მეთოდს ტრამპის ქცევას ადარებს. ბაიდენის აზრით, ნეთანიაჰუს შეეძლო ფაქტები თვითნებურად განემარტა და დემოკრატიული ინსტიტუტები საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა.

New Yorker-ის მიმომხილველი ემი დევიდსონ სორკინი ყურადღებას ამახვილებს წიგნის მონაკვეთზე, რომელშიც ბაიდენი 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ნეთანიაჰუსთან ურთიერთობას აღწერს: ის ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავდა, ბიბი კი ისეთ დაპირებებს იძლეოდა, რომელთა შესრულებაც არ შეეძლო ან არ აპირებდა.

დევიდსონ სორკინის აზრით, ეს ეპიზოდი კითხვებს აჩენს არა მხოლოდ ისრაელის პრემიერის ქმედებებზე, არამედ იმაზეც, რამდენად შეეძლო თავად ბაიდენს იმ დროს თავისი მოთხოვნების შესრულებისთვის მიეღწია.

ამავდროულად, ჯო ბაიდენი თითქმის სიამაყით საუბრობს ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი არც კრიტიკოსებმა დაუჭირეს და არც მოკავშირეებმა.

ის აღიარებს, რომ წინააღმდეგობას საკუთარი ადმინისტრაციის შიგნითაც წააწყდა, თუმცა ამტკიცებს, რომ კვლავ ზუსტად ასე მოიქცეოდა.

პირველი შთაბეჭდილებები წიგნზე

გამოცემები, რომლებმაც წიგნის გაცნობა მოასწრეს, რეცენზიებში თანხმდებიან, რომ მასში გაცილებით ნაკლები გულახდილობაა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

Atlantic-ის მიმომხილველი მეტ ვაიზერი მემუარებს აღწერს როგორც პოლიტიკოსის მონათხრობს, რომელიც კვლავ დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, თითქმის არაფერს ნანობს და ყოფილი მოკავშირეების ქმედებებს მტკივნეულად აღიქვამს.

Wall Street Journal-შიც აღნიშნავენ, რომ ბაიდენი წიგნს ძველი პოლიტიკური ანგარიშების გასასწორებლადაც იყენებს, თუმცა ყველაზე სადავო საკითხებზე საკუთარ გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად არ გადახედავს.

New Yorker-ის მიმომხილველმა ემი დევიდსონ სორკინმა თავის მიმოხილვას პირდაპირ ასე დაარქვა: „ჯო ბაიდენი კვლავ უარყოფს რეალობას“.

მისი აზრით, ყოფილ პრეზიდენტს შეეძლო მნიშვნელოვანი წიგნი დაეწერა იმაზე, თუ როგორ ცვლის ასაკი უზარმაზარ ძალაუფლებას მიჩვეულ ადამიანს და რამდენად რთულია იმის აღიარება, რომ ძველ შესაძლებლობებს თანდათან კარგავ.

ამის ნაცვლად კი, წერს ის, ბაიდენი ძირითადად მოვლენების საკუთარ ვერსიას იმეორებს და კატეგორიულად უარს ამბობს, სერიოზულად განიხილოს მიზეზები, რომელთა გამოც თანაპარტიელებს მის ქმედუნარიანობაში ეჭვი შეეპარათ.

ჟურნალისტები განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევენ ეპიზოდს, რომელშიც ბაიდენი აღწერს თავის დამოკიდებულებას სპეციალური პროკურორის, რობერტ ჰურის დასკვნის მიმართ. ჰური საიდუმლო დოკუმენტების საქმეს იძიებდა.

თავის ანგარიშში ჰურმა ბაიდენი სუსტი მეხსიერების მქონე ხანდაზმულ ადამიანად დაახასიათა. მემუარებში ყოფილი პრეზიდენტი ამ შეფასებებით აღშფოთებას გამოხატავს და მათ საკუთარ თავზე უსაფუძვლო თავდასხმად მიიჩნევს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნი, რომელმაც ბაიდენის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა ახსნას, ამავდროულად აჩვენებს, რამდენად განსხვავდება ამ მოვლენების მისეული აღქმა საზოგადოების შეფასებებისგან.

და თუ პუტინზე, ზელენსკიზე, ნეთანიაჰუსა და ტრამპზე საუბრისას ყოფილი პრეზიდენტი თანამოსაუბრეთა ნაკლოვანებებს სიამოვნებით აღნიშნავს, საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ გაცილებით შემწყნარებელია.

პოპულარული

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს"...

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში)...

კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ხუთშაბათს...

ვაკეში რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი

თბილისში, ვაკეში 10-მდე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც...

პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო – ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს – ტრამპი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, -...

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის...

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს...

ყველა ამბავი

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი...

„ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა“- რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობაზე თანხმობა არ გაუცია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების მონაწილეობაზე თანხმობა არ გაუცია. ოთხი...

შეუძლებელია ვინმეს მოეპარა 41 მილიონი ისე, რომ კახი კალაძესთან ეს არ ყოფილიყო შეთანხმებული – ფილფანი

თქვენ გგონიათ, აქამდე არ იცოდნენ, რომ 41 მილიონი იყო მოპარული და თქვენ გგონიათ, რომ ამ 41 მილიონიდან კახა კალაძესთან...

კალასი: სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე...

პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო – ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს – ტრამპი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.„ვფიქრობ, ცოტათი უკან...

ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ 16 ნოემბერს გამომძიებელი მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტება...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ სამმაგ ფასად მიწოდებული დეტალები - პროკურატურა აცხადებს,...

“ოცნების” წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე – კოსი

"ოცნების" წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე"- გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დაკავშირებადობის სამიტზე...

ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს – მათიკაშვილი

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის...

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა - პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა...

ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს და ГРУ-ს დივერსიის ორგანიზებაში ადანაშაულებს

ტალინი აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი საწარმოს, Threod Systems-ის, გადაწვის მცდელობა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. ესტონეთმა გამოაცხადა, რომ...

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შემდეგ, საწარმოო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების...