უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ჩართულ დანაყოფს, შეიარაღების ყველა მწარმოებელს რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ ჩატარებული უპრეცედენტო ოპერაციისთვის.
“დღეს ყველას შეუძლია დაინახოს შედეგები, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩვენს უკრაინულ ყირიმში მიმავალ მთავარ სამხედრო გადასასვლელს შეეხო. ეს არის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციის მეშვიდე ეტაპის შედეგი; ოპერაციისა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან ერთად შეიმუშავა და კოორდინირება გაუწია. […] ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ინფრასტრუქტურას. ამასთან, რუსეთს იმასაც შევახსენებთ, რომ ომი ყოველთვის იქ დაბრუნდება, საიდანაც დაიწყო. უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერია და ასეთადვე დარჩება. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ უპასუხოდ ჩვენი ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ტერორს. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ნამდვილ მებრძოლებს, ჩვენს თავდაცვის ძალებს, სადაზვერვო სამსახურებს და იარაღის თითოეულ მწარმოებელს, რომლის პროდუქციაც ეფექტიანად გამოიყენება უკრაინის, უკრაინელებისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.დიდება უკრაინას!”, – აღნიშნავს ზელენსკი.


