სლოვაკეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა. დემონსტრანტები კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევასა და რობერტ ფიცოს მთავრობის კრემლთან კავშირებს აპროტესტებდნენ.
სლოვაკეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის, კრემლთან მისი კავშირების და მედიაზე კონტროლის პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებდნენ ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევასა და კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფას. ორშაბათს, 17 ნოემბერს გამართული აქციები 1989 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაწყებული ხავერდოვანი რევოლუციის 37-ე წლისთავს მიეძღვნა.
ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბრატისლავაში, სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მოედანზე გაიმართა. უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „პროგრესული სლოვაკეთის“ მონაცემებით, რომელმაც აქცია მოაწყო, მას დაახლოებით 25 ათასი ადამიანი დაესწრო. ზოგიერთ პლაკატზე ეწერა: „რუსებო, სახლში!“ და „არ მინდა ისეთი ქვეყანა, საიდანაც გაქცევა მომიწევს“. დემონსტრანტების ნაწილმა AFP-ს განუცხადა, რომ უკმაყოფილოა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იურაი ბლანარის, მოსკოვში ბოლო ვიზიტით.
დემონსტრანტები ფიცოს გადადგომას მოითხოვდნენ
ხალხი სკანდირებდა: „ფიცო, მოგვბეზრდი!“ და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი სამპარტიული მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ბანერებს აფრიალებდა.
AFP-ის ცნობით, ფიცოს ხელმძღვანელობით მოქმედმა მმართველმა კოალიციამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დაკარგა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დეპუტატმა კოალიცია დატოვა. მას შემდეგ ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმები არ აქვს.



დემონსტრანტები ფიცოს გადადგომას მოითხოვდნენ