ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგ ჯერზე 19 ოქტომბერს დააპატიმრეს.
“დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. არაფერი იცვლება ჩვენი პატიმრობით, ის რამდენ ხნიანიც არ უნდა იყოს და რამდენჯერაც არ უნდა გამეორდეს. მე ძალიან მეუხერხულება ხოლმე, ზოგადად, ლაპარაკი იმაზე, რომ აქ ერთი თვე ვიჯექი, თუ წინა ჯერზე კიდევ ნახევარი თვე, თუ ასე შემდეგ, მესამე იყო ეს. ჩვენ ისეთი ხალხი გვიზის ციხეში, ჩვენი პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები, ჩვენ ყველანი მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ის ბრძოლა, რომელშიც ერთად ვართ, ისინი არიან საპყრობილეებში, ჩვენ ხანდახან საპყრობილეებში, ხანდახან გარეთ, ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე.
ასე რომ, რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენ ყოველთვის დავწერთ და ვილაპარაკებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ. ჩვენ არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვას იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი, სადაც ის სიტყვები შეაქვს, რომელიც არ უნდა, რომ გაიგონოს. ჩვენ ვილაპარაკებთ, ჩვენ დავწერთ და ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. […]
რა საკვირველია, ჩემი ქცევა ამით არ შეიცვლება… აქ ერთი რამ არის, ეს არის გზავნილი ყველასთვის, ხომ? აი, ყველას დაგიჭერთ, ყველას ჯარიმებს დაგიწერთ და ა.შ. გქონდეთ ეგ გზავნილი. ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ ამ ყველაფრის არ გვეშინია. ჩვენ არ გვეშინია არანაირი მეთოდის, რომელსაც ისინი იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ და ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს. ისინი ვერ იქნებიან გამარჯვებულები იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიქნებით დამარცხებულები. გამარჯვებულები ვიქნებით ჩვენ და ისინი დამარცხდებიან და მერე ისტორია გასცემს საკადრის პასუხს, ისტორიაც და კანონიც იმის გამო, რაც აქვთ ჩადენილი ამ ქვეყნის წინაშე.”-განაცხადა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.


