ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ Huawei ბრალდების 12 პუნქტიდან 10-ში დამნაშავედ ცნო, მათ შორის კომერციული საიდუმლოების მოპარვის მიზნით შეთქმულებაში. კომპანია დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეთქმულების ბრალდებაში გაამართლეს.
ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ჩინური სატელეკომუნიკაციო კონცერნი Huawei კომერციული საიდუმლოების მოპარვასა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ის სანქციებისთვის გვერდის ავლაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ სამშაბათს, 24 ნოემბერს, The New York Times-ის ონლაინგამოცემა და სხვა ამერიკული და მსოფლიო მედიასაშუალებები იუწყებიან.
ვინაიდან 2019 წლიდან Huawei-ს შეერთებულ შტატებში საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ფაქტობრივად ეკრძალება, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კომპანიის მდგომარეობაზე გავლენა არ მოახდინოს. თუმცა, NYT-ის შეფასებით, მკაცრმა ფინანსურმა სანქციებმა და გამამტყუნებელი განაჩენით შელახულმა რეპუტაციამ შესაძლოა კომპანიის ბიზნესსაქმიანობას ხელი შეუშალოს.
სასამართლო პროცესი 11 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, კიდევ ერთი კვირა კი ნაფიც მსაჯულთა თათბირს დაეთმო. კონცერნი Huawei სისხლის სამართლის ბრალდების 12 პუნქტიდან 10-ში დამნაშავედ ცნეს. მათ შორისაა საბანკო თაღლითობა, კომერციული საიდუმლოების მოპარვის მიზნით შეთქმულება და აშშ-ის საზიანოდ თაღლითობის ჩადენის მიზნით შეთქმულება.
ამავდროულად, ნაფიცმა მსაჯულებმა Huawei დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეთქმულების ბრალდებაში გაამართლეს, რითაც უარყვეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მთავარი მტკიცება, რომ კომპანია დანაშაულებრივი ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებდა. როგორც NYT წერს, კონცერნი ასევე გაამართლეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულების ბრალდებაში. ამასობაში Huawei-ს ადვოკატმა განაცხადა, რომ კონცერნი გაასაჩივრებს გადაწყვეტილებებს იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომლებშიც ის დამნაშავედ ცნეს.
პროკურატურის მტკიცებით, Huawei-ს ხელმძღვანელობა საკუთარ თანამშრომლებს ამერიკული და სხვა კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების მოპარვისკენ უბიძგებდა. ამ მონაცემების თანახმად, ჩინურმა კონცერნმა კომერციული საიდუმლოებები T-Mobile-ს, Cisco-სა და სხვა კომპანიებს მოჰპარა.
როგორც ჩანს, კონკურენტებისგან მოპარული ინფორმაცია Huawei-ს საშუალებას აძლევდა, შეექმნა ანალოგიური პროდუქცია და შემდგომ ის უფრო დაბალ ფასად გაეყიდა.
ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვი
დასავლური სპეცსამსახურები ასევე ეჭვობენ, რომ Huawei-ს მიერ მიწოდებული სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა შესაძლოა ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გამოიყენებოდეს. თავის მხრივ, კონცერნი ყველა მსგავს ბრალდებას უარყოფს.
Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლო რისკების შესახებ დისკუსიები წლების განმავლობაში მიმდინარეობს ევროკავშირშიც, კერძოდ კი გერმანიაში. 2024 წლის ზაფხულში გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მობილური ქსელების ოპერატორებთან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, 2026 წლის ბოლოდან Huawei-ს მიერ წარმოებული კომპონენტების გამოყენება აიკრძალება ძირითად ქსელსა და ანტენური წვდომის ქსელის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამის ნაწილებში.
Huawei-ს მხარდამჭერები წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ კომპანიის წინააღმდეგ დევნა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და წარმოადგენს შურისძიებას მთელ მსოფლიოში 5G ქსელების შექმნის ჩინური ინიციატივის გამო.
აშშ-ის სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებების საპასუხოდ, კომპანია Huawei-მ 25 ნოემბრის ღამეს განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით „აუცილებელ“ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს. კომპანიამ გამამტყუნებელ განაჩენს „უსაფუძვლო“ უწოდა.
Huawei-ს ფინანსური დირექტორის დაკავება კანადაში
2018 წლის 1 დეკემბერს, აშშ-ის მოთხოვნით, კანადელმა სამართალდამცველებმა ვანკუვერში დააკავეს Huawei Technologies-ის დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის ფინანსური დირექტორი მენ ვანჯოუ, ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო სანქციების დარღვევის ეჭვის საფუძველზე.
იმავე წლის 11 დეკემბერს კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის სასამართლომ მენ ვანჯოუ 7,5 მილიონი დოლარის (6,6 მილიონი ევროს) ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამასთან, მოსამართლემ რამდენიმე სავალდებულო პირობა დააწესა: მენ ვანჯოუს მუდმივად უნდა ეტარებინა ელექტრონული სამაჯური, ჩაებარებინა პასპორტი, არ დაეტოვებინა ვანკუვერის ტერიტორია, ხოლო 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქალაქში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ორი სახლიდან ერთ-ერთში უნდა დარჩენილიყო.
2021 წლის სექტემბერში, ამერიკის ხელისუფლებასთან, რომელიც მის ექსტრადიციას მოითხოვდა, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მენ ვანჯოუ გაათავისუფლეს და მას ჩინეთში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. NYT-ის ინფორმაციით, მაშინ მან აღიარა, რომ Huawei-მ ბანკი ირანთან განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა.


