აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრებზე ბიუჯეტიდან 736 637 ლარია დახარჯული-“საერთაშორისო გამჭვირვალობა”

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობაზე 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა. კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით,  33 სამივლინებო ვიზიტზე 116 098 ლარი დაიხარჯა. საკონსულტაციო მომსახურებაში 46 ათასი ლარი. სარესტორნო მომსახურება საქართველოში 1 950 ლარი დაუჯდა. ზურაბ აბაშიძემ თანამდებობრივი სარგოსა და პრემია-დანამატის სახით 491 ათას 444 ლარი მიიღო.

ორი შტატგარეშე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოსა და პრემია-დანამატის სახით – 80 145 ათასი ლარი დაიხარჯა.

ე.წ. კარასინი-აბაშიძის ფორმატის შეხვედრები 2012 წლის ბოლოდან მიმდინარეობს. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმატში სავაჭრო, სატრანსორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება.