კარასინის მიერ დაანონსებული “უსიამოვნო სიურპრიზი” – შეხვედრა პრაღაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზებთან არსებულ ნეგატიურ მოვლენებსაც, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. ​რაც შეეხება გრიგორი კარასინის მიერ უსიამოვნო მოულოდნელობის დაანონსებას ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს კომენტარი არ მოუსმენია.

“მე არ მომისმენია მისი ეს კომენტარი, ჩვენს შეხვედრაზე ასეთი რედაქციით მას განცხადება არ გაუკეთებია. მან ისაუბრა საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობაზე დაახლოებით იმავე კონტექსტში, რაც ადრე გაუკეთებია თითქმის ყველა ჩვენს შეხვედრაზე, გამონაკლისის გარეშე. მათი მიდგომა ჩვენთვის ნათელია. ისინი უარყოფითად უყურებენ და აფასებენ ამას, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ფორმატში ჩვენ არ განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ცალკე თემაა და ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს. ამით ვასრულებთ ხოლმე საუბარს. თუმცა მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და შესაძლოა, ეს ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ასეთი ფორმითა და ასეთი ტონალობით მას ეს კომენტარი ჩვენთან შეხვედრის მსვლელობისას არ გაუკეთებია”, თქვა ზურაბ აბაშიძემ.

პრაღაში შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა, რომელიც ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს დაეთმო, თუმცა მანამდე საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება განიხილეს.

“ჩვენ უმთავრესად აქცენტირება გავაკეთეთ იმ სავალალო ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – რეგიონების მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევები, უაღრესად ნეგატიური მოვლენები, რაც ბოლო ხანს მოხდა საოკუპაციო ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, არ ავუარეთ გვერდი ამ თემებს და გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა”, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზზე სულ უფრო რთულდება ადამიანების გადაადგილება, ცხინვალის რეგიონთან კიდევ უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით.

“ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობა. ამ თემებზე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჩემი რუსი კოლეგის რეაქცია, როგორც წესი, ასეთ კომენტარებსა და განცხადებებზე არის ის, რომ ამისათვის შექმნილია სპეციალურად ჟენევის ფორმატი და ამ თემის განხილვა იქ უნდა მოხდეს. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა”, თქვაზურაბ აბაშიძემ.

წყარო – საზოგადოებრივი მაუწყებელი 

ცნობისათვის: ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პირველ ოქტომბერს პრაღაში შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობებზე ისაუბრეს და საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების “პრაქტიკული განხორციელებისთვის” მზადყოფნა გამოთქვეს.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.