აბიტურიენტებს, რომლებმაც დღეს ენგურის ხიდზე გადმოსვლა ვერ შეძლეს, შემდგომ გამოცდაზე დაუშვებენ. ამის შესახებ განათლების სამინისტროში აცხადებენ.
“იმ აბიტურიენტებმა, რომელთაც შესაძლოა დღეს ვერ მოახერხეს გამოცდაზე დარეგისტრირება (ენგურის ხიდიდან გადმოსვლა), ამას ზოგადი უნარების ან სხვა გამოცდების ფარგლებში შეძლებენ. ისინი აუცილებლად მიიღონ შემდგომ გამოცდებში მონაწილეობას, როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება.
ჩვენი ინფორმაციით, ენგურის ხიდიდან აბიტურიენტების ნაწილმა გადმოსვლა შეძლო, დაახლოებით ნახევარი უკვე გადმოსულია. ველოდებით ყოველ დღე სიტუაციის გაუმჯობესებას. ჩვენ ერთადერთი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ უმაღლესი განათლება.
აქედანვე მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მონაწილეობა, აუცილებლად, როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, შემდგომ გამოცდებზე ჩაერთონ. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სქემით ვუზრუნველყობთ მათთვის განათლების ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს.წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.