ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, კორპუსში აბონენტმა წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს, გაზის მილი წყლის მილზე დააერთა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
მომხდარის გამო კორპუსში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ადგილზე ამ დრომდე იგრძნობა გაზის მძაფრი სუნი. ადგილზე მობილიზებული არიან „სოკარ ჯორჯია გაზის“ ბრიგადები, რომლებიც დაზიანების აღმოფხვრას ცდილობენ.
„აბონენტმა თვითნებურად შეაერთა გაზის და წყლის მილი, რის შედეგადაც ცივი წყალი, რაც მილში იყო, გადავიდა გაზის მრიცხველში, მრიცხველიდან გადმოვიდა ცენტრალურ მილში და ავტომატურად გადაკეტა გაზი. მალე რომ არ გადაეკეტა, მთელი მაგისტრალი დაზიანდებოდა. ჩვენ უკვე გავჭერით მილი, საიდანაც გამოიდევნა წყალი და ახლა ვმუშაობთ, რომ ინდივიდუალურად აღუდგეს აბონენტებს გაზის მიწოდება“,- აცხადებენ კომპანიაში.
თაბუკაშვილის #161 -ში მცხოვრები, რომელმაც გზის მილზე დააერთა, ამბობს, რომ წყლის გამაცხელებლის თვითნებური მონტაჟის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელოსნებს დაურეკა, თუმცა, არც ერთ მათგანს არ ეცალა.
„ორ ხელოსანს დავურეკე და არცერთს არ ეცალა. მერე მეზობელმა მითხრა მოგეხმარებიო, მეტი რა გზა მქონდა. რომ შევხედეთ, თითქოს იგივე პრინციპი იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. რომ მოვუშვით ონკანი, გაზიდან ამოვიდა წყალი. გადავკეტეთ მერე ყველაფერი და გამოვიძახეთ შესაბამისი სამსახური“-განაცხადა ბინის მეპატრონემ.
მომხდარის შედეგად 12 აბონენტს გაზის მრიცხველი დაუზიანდა, რომლებისთვისაც ახალი მრიცხველები იმ აბონენტმა უნდა იყიდოს, რომლის მიზეზითაც მისი მეზობლები დაზარალდნენ.














