აჭარის მაუწყებლის წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელსაც დღეს საღამოს არხის დირექტორმა უფლებამოსილება შეუჩერა, ამბობს, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა.
მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, ,,ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც ბრძანება გასცა.
,,გადაწყვეტილება ყველასთვის მოსალოდნელი იყო. აშკარაა, რა სურს გიორგი კოხრეიძეს და რა ნაბიჯებსაც დგამს… რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დამიკავშირდა და შემომთავაზეს ინტერესების დაცვა. აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, რაც გიორგი კოხრეიძემ გააკეთა და რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას. ეს არის პრეცედენტი, როდესაც წამყვანს უფლებამოსილება შეუჩერეს. ჩამომაშორეს იმის გამო, რომ რაღაც მოკვლევა ჩაატარონ. ვრჩები ტელევიზიაში, რომ მათი სახე საზოგადოებას ვანახოთ. პასუხისმგებლობა აჭარის უმაღლეს საბჭოს, “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც ბრძანება გასცა”,- ამბობს ბაკურიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ არ აქვს მოლოდინი, რომ მოკვლევა, რომელსაც კოხრეიძე აპირებს, მისი ეთერში დაბრუნებით დასრულდება, დირექტორს კი ახალი კადრის მოძებნა არ გაუჭირდება.
,,დირექტორი ყველაზე ეძებს მიზეზს, იმ ადამიანებზე, რომლებიც მას არ მოსწონს. უსაფუძვლოდ გააუქმეს მაია მერკვილაძის შტატი, აბსურდის შედეგად, იძულებით წავიდა სამსახურიდან ნათია ზოიძე… არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოკვლევა ჩემი ეთერში დაბრუნებით დასრულდეს, თუმცა გასაჩივრების იმედი მაქვს. ტელევიზიაში მძიმე კრიზისია და ალბათ, არ გაუჭირდება დირექტორს ახალი წამყვანის მოძებნა. ის პირადი გადაწყვეტილებებით, გაუმჭვირვალედ ირჩევს კადრებს. ორშაბათს ახალ კადრს მოიყვანს და დასვამს ეთერში” , – განაცხადა თეონა ბაკურიძემ.
ცნობისთვის, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა.
ბრძანებაში, რომელიც დირექტორმა დღეს საღამოს გამოსცა, წერია, რომ ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის უფროს გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა და მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბაკურიძეს უფლებამოსილება ამ ფაქტის მოკვლევამდე შეუჩერდა.