ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინსა და ასანოიამას შორის გამართული ორთაბრძოლა სუმოს სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბრძოლა თითქოს ქართველის გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო, რადგან მან მეტოქე დოჰიოს კიდეზე დაანარცხა და გიოჯიმაც გუმბაი ტოჩინოშინის მხარეს ასწია, თუმცა ამის შემდეგ დოჰიოზე შიმპანები (სუმოს მსაჯები) ამოვიდნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში განიხილავდნენ გიოჯის გადაწყვეტილებას.
საბოლოოდ მათ გააუქმეს ტოჩინოშინისთვის მიკუთვნებული გამარჯვება და მოგება ასანოიამას ჩაუთვალეს იმ მიზეზით, რომ ტოჩინოშინმა გდების შესრულებამდე თვითონ გადადგა ფეხი დოჰიოს მიღმა. მაგრამ გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ შიმპანებმა შეცდომა დაუშვეს და ქართველ გოლიათს რეალურად ფეხი დოჰიოს საზღვარს გარეთ არ გადაუდგამს. გამეორების ნახვის შემდეგ ტოჩინოშინმა ემოციები ვერ შეიკავა.