“ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს”-მერია ბაღების სურსათით მომმარაგებელ კომპანიას აფრთხილებს

დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია „ნილს“ გაფრთხილებას აძლევს.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია  „ნილის“ მხრიდან  სერიოზული გადაცდომები გამოიკვეთა, კერძოდ, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანების და ზოგ შემთხვევაში კი  არმიტანის ფაქტები.

„ წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „ნილს“ ჰქონდა მცირედი დარღვევები, რაზეც ყოველთვის იყო დაუყოვნებლივი რეაგირება და კონტრაქტუალური ჯარიმები მერიის მხრიდან, მათ საქმიანობაში საგანგაშო არაფერი გამოკვეთილა იმ კუთხით, რომ მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მომხდარიყო. იგივეს ვერ ვიტყვით ბოლო კვირაზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, პროდუქტის დაგვიანებაში, ხშირად კი – საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.

ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები, ასევე, კომპანია „ნილმაც“ იზრუნა, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან იმგვარად, რომ ამას გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში ბავშვები იკვებებოდნენ ხარისხიანად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარ რეჟიმში ვერც ჩვენ, ვერც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და ვერც თავად ბაღები დიდხანს ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ძალიან სტრესული რეჟიმია. კვირის დასაწყისში გამოვაცხადეთ, რომ ამ კვირაში „ნილის“ მოქმედებას დავაკვირდებოდით, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ვერანაირი გაუმჯობესება მათ საქმიანობაში ვერ დავინახეთ. დღევანდელი გაფრთხილება მათ მიმართ უკანასკნელია. მომავალი კვირის ორშაბათიდან, მცირედი გადაცდომაც კი, დაუყონებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მათთან ხელშეკრულებას გავწყვეტთ“, – განაცხადა ელოშვილმა.