აფეთქებისას დაშავებულ ბავშვს სავარაუდოდ დღეს გაწერენ

დიღმის მასივში მომხდარი  აფეთქებისას დაშავებულ ბავშვს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ.

დაშავებული  8 თვის ბავშვი იაშვილის კლინიკაში კიდევ რამდენიმე საათით,ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება– ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ნათია თურქაძემ განუცხადა.

ექიმის შეფასებით,ბავშვი კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს.

„სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა რვა თვის გოგონა. შემოსვლისას პაციენტი იყო აბსოლუტურად კონტაქტური. შუბლისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორეაცია ანუ ნაკაწრები. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, სადაც რაიმე პათოლოგიური დარღვევა არ გამოვლინდა. ამჟამად ის კლინიკაში რჩება შემდგომი მონიტორინგისათვის. პაციენტი კიდევ რამდენიმე საათით დაყოვნდება, მდგომარეობა შეფასდება და სავარაუდოდ საღამოსვე გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა ექიმმა ნათია თურქაძემ.

დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა რვა ადამიანი.