აფხაზური მხარე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე ძალადობას გამორიცხავს

აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ  მათ მიერ დაკავებული  საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი ძალადობრივი ხასიათის ზემოქმედება არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურის  განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო–სამედიცინო ბიურომ ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა და ძალადობის კვალი გამორიცხა. უწყების ინფორმაციით მომხდარ ფაქტს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები  იკვლევენ. პარალელურად კი მიმდინარეობს კვარაცხელიას ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხის გარკვევა. აფხაზური მხარის ინფორმაციით  1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია “აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“ 2019 წლის 10 მარტს დააკავეს და დოკუმენტების პროცესუალური შედგენის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ოთახში მარტო ყოფნის დროს თავი მოიკლა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.