აღმოაჩენს თუ არა გახარიას თითის ანაბეჭდს მუქარის წერილზე ექსპერტიზა. თანამედროვე კრიმინალისტიკა შს მინისტრის წინააღმდეგ

ხაზარაძის მიერ გახარიას მხრიდან მუქარის წერილის გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელისუფლო გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ მსგავსი ისტორიის მოგონება ყველას შეუძლია და ხაზარაძემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს. სასამართლოში 5 მარტს დაკითხვისას მამუკა ხაზარაძემ წერილის ასლი მიიტანა, რომელიც მისი განცხადებით შსს მინისტრის შუამავალმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გადასცა.

ამის შემდეგ პროკურატურა აცხადებდა, რომ წერილს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, რაც დაადასტურებს, რომ ის გიორგი გახარიას დაწერილია. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო და მას პირადად გიორგი გახარიასგან დოკუმენტი არ ჩაბარებია, რის გამოც, წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.მამუკა ხაზარაძემ ქართულ სასამართლოს და პროკურატურას მხოლოდ წერილის ასლი გადასცა. წერილის ორიგინალი კი ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

დღეს მისმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ დაადასტურა, რომ წერილის ასლი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი იმის დასადგენად, არის თუ არა წერილზე რაიმე თითის ანაბეჭდი. კორძაძის თქმით, თუ ლონდონში დადგინდება წერილზე თითის ანაბეჭდების არსებობა, ამ ინფორმაცაის საგამოძიებო უწყებებს მიაწვდიან და შემდეგ ის გაარკვევს ანაბეჭდი ვის ეკუთვნის.
ბუნებრივია, მუქარის წერილი სატიტულო ბლანკიან ფურცელზე არ იწერება. მას არც ხელით წერენ. თუმცა არის ალბათობა, რომ ავტორმა წერილზე თითის ანაბეჭდები დატოვოს. სწორედ ამის გარკვევას შეეცდება ბრიტანული ექსპერტიზა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით მან მუქარის წერილი შუამავლის ხელით არჩევნების მეორე ტურამდე მიიღო. შესაბამისად, თუნდაც მათზე თითის ანაბეჭდები დარჩენილიყო, მათი ხანდახმულობა მინიმუმ ოთხი თვეა. რა შანსები არსებობს, რომ ექსპერტიზამ ოთხი თვის წინანდელი თითის ანაბეჭდი აღადგინოს:
იმაზე, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება თითის ანაბეჭდი საგანზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი: ტენიანობა, ტემპერატურა, ქარი და სხვა მოვლენები. როგორც წესი თითის ანაბეჭდები საგნიდან რამდენიმე დღის ვადაში ქრება. თუმცა თანამედროვე კრიმინალისტიკის შესაძლებლობები თანდათან ამოუწურავი ხდება. ოპტიმალურ პირობებში ზოგიერთი თითის ანაბეჭდი შესაძლოა დიდხანს შენარჩუნდეს. შესაძლოა ის მკაფიო არ იყოს და ალაგ–ალაგ წყდებოდეს, თუმცა მისი აღდგენა აპარატურის საშუალებით შესაძლებელია.
სხვადასხვა მეთოდებით 7 დღიდან 3 თვემდე სიძველის ანაბეჭდის აღდგენაა შესაძლებელი.
მაგალითად, პორტატიული და სტაციონარული ლაზერულ–ლუმისენცენტიური დანადგარები 30 დღის სიძველის ანაბეჭდების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.
იოდის ორთქლის საშუალებით 7–90 დღის სიძველის ანაბეჭდების აღდგენაა შესაძლებელი.
თუმცა არსებობს ახალი ტექნოლოგიაც, რომელსაც სიძვირის გამო იშვიათად იყენებენ – მეტალებით ვაკუუმური დამტვერვა. საგანი რომელზეც თითის ანაბეჭდია სპეციალურ ვაკუუმის კონტეინერში იდება, რის შემდეგაც მასში მეტალები გამოიფრქვევა. დროთა განმავლობაში ეს მეტალები საგანზე და ანაბეჭდის ნარჩენებზე ილექება. ამ მეთოდის დახმარებით 8 წლის წინანდელი ანაბეჭდის გამოვლენაც კი შესაძლებელია. აპარატი საშუალებას იძლევა პაპილარული ხაზების კვალი გამოვლინდეს ქაღალდზე, შუშაზე, პლასტმასზე, პოლიეთილენზე და სხვა ტიპის ნივთებზე.
ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის ექსპერტიზა აირჩია თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, თუმცა შანსი რომ ქაღალდის ფურცელზე თითის ანაბეჭდები აღდგეს რეალურია.