{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილი, 97 წლის რეჯებ ჟორდანია საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტს ოთარ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს. რეჯებ ჟორდანია წერილში სალომე ზურაბიშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა მოიხსენია ქართველი მეფეები და საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი.
“მაისსა და ივნისში, დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების დროს, შენ საერთოდ უგულებელყავი იმ ხალხის დამსახურება ვინც შექმნა პირველი რესპუბლიკა. არც ერთ შენს ბევრ გამოსვლაში მე არ გამიგია არც ერთი იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელი, თითქოს პირველი რესპუბლიკა თავისით შეიქმნა! ყველა შენს მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმართული იყო ამ ხალხის ღვაწლისა და ისტორიული ფაქტების დამცირებაზე. იგივე ითქმის შენს დაზე, სალომეზე, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტი გახდა… ყველამ ვნახეთ, მის ინაუგურაციისას წარმოთქმულ სიტყვაში, სალომე დაგვპირდა, რომ გააერთიანებს ქართველებს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. მან მოიხსენია ქართველი მეფეები და საქართველოს ყველა პრეზიდენტი 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მაგრამ არ უხსენებია პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი და პირველი რესპუბლიკის შემქმნელთა არც ერთი სახელი და გვარი! მან მხოლოდ შექებით მოიხსენია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, თითქოს ეს დოკუმენტი სპონტანურად, თავისით შეიქმნა! როგორც ჩანს, შენ და შენი და აგრძელებთ საბჭოთა ტრადიციას – ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები, მიუხედავად იმისა რომ ისინი დასავლეთში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელებად მიიჩნევიან. ეს კი აჩვენებს, რომ არ არის საჭირო იყო დეკლარილებული საბჭოთა კომუნისტი, რომ მსგავსი აზროვნებით იცხოვრო”, წერია ღია წერილში.